პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველო იმაზე უკეთესი სახელმწიფოა, ვიდრე 10 წლის წინ იყო.
„საქართველოს, პირველად უახლოეს ისტორიაში, 10 წლის განმავლობაში აქვს გრძელვადიანი მშვიდობა, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროშიც ვნახეთ რა შეფასებები აქვს ქვეყანას, ვნახეთ სტრასბურგის საქმეებიც. საქართველოში საკუთრების პატივისცემა დაბრუნდა, დაბრუნდა მრავალფეროვანი მედია; 20-ზე მეტი ტელევიზია მაუწყებლობს. რაც მთავარია, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ხელისუფლება, ჯანდაცვა, არჩევნები. ეს არის ის, რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ, საქართველოს ნამდვილ მეგობრებსაც ეს აინტერესებთ, რომ ქვეყანა განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი და მდგრადი. ამას ვინც არ ეთანხმება, ვისაც ეს აღიზიანებს რასაკვირველია ის ხალხი ადვილი გამოსაცნობია. ეს ადამიანები მუდმივად გამოდიან პროვოკაციული განცხადებებით, სპეკულირებენ სხვადასხვა თემაზე და ჩვენ ამას მოთმინებით ვეკიდებით, მაგრამ, არავინ იფიქროს, რომ თვალებს დავხუჭავთ თუ როგორც ცდილობდნენ დესტრუქციული ძალები საქართველოს მშვიდობას, დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკას ძირი გამოუთხარონ. ფაქტია, რომ დღეს საქართველო არის უკეთესი სახელმწიფო, ვიდრე იყო ათი წლის წინ და ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტი პროგრესი ექნება ჩვენს ქვეყანას. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გონივრული პოლიტიკა გავატაროთ, მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს თუ რა არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს ამის გაგება არ გაუჭირდებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.