საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტით კმაყოფილია და შემაჯამებელ კომენტარში ამბობს, რომ იმედიანადაა განწყობილი, თუმცა მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია “ცუდად მოვიქცეთ”.
ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს თვეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
“მე, როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. და მინდა ვთქვა ის, რომ ჩემი შეხვედრები აქ გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყო ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძაან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ყველას თავისი ადგილი და თავისი დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის, რომ ჩვენ მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.
ასევე, მე მივიღე პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას , ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია რომ “მოვიქცეთ ცუდად”. ეს არის ყველას გასაკეთებელი.
იმასაც დავამატებდი, რომ ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ. ” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შემაჯამებელ კომენტარში.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს. დღეს კი ის ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.