გამოცემა ნეტგაზეთის ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა ახალი სამთავრობო სატელეფონო აპარატურის შესყიდვისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით 14 ივნისს მიმართა.
ნეტგაზეთის ცნობით, მეტრეველის წერილში ნათქვამია, რომ “მეცნიერებათა აკადემია სარგებლობს სპეციალური სატელეფონო ქსელის ექსკლუზიური მომსახურებით, რათა საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან “დახურული საშუალებით” კომუნიკაცია უზრუნველყოს.“
ამავე წერილში კი როინ მეტრეველი ჩივის, რომ აკადემიაში განთავსებული აპარატურა მწყობრიდანაა გამოსული და საჭიროა “ახალი, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურის შესყიდვა”.
“ვინაიდან აკადემიის სარგებლობაში არსებული სამთავრობო სატელეფონო აპარატურა (4 ერთეული აპარატი და სატელეფონო სადგური) ამ ეტაპზე გამოვიდა მწყობრიდან და შეუძლებელია მისი შემდგომი ექსპლუატაცია განახლების გარეშე, საჭირო გახდა ახალი, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურის შესყიდვა”, —წერს როინ მეტრეველი.
გამოცემის ინფორმაციით, ამავე წერილში მითითებულია, რომ ხსენებულ მომსახურებას მეცნიერებათა აკადემიას სსიპ “სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო” უწევს და აკადემიას 2 380 ლარის ფარგლებში აწვდის და უმონტაჟებს შესაბამის აპარატურას.
ნეტგაზეთის ცნობით, წერილის დასასრულს, როინ მეტრეველი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობას სთხოვს, რომ მეცნიერებათა აკადემიამ სპეცკავშირების სისტემით შეუფერხებლად სარგებლობისთვის საჭირო აპარატურა გამარტივებული წესით შეიძინოს.11 ივნისს მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველმა ყორშიას უპასუხა, რომ აკადემია “სრულფასოვნად უჭერს” მხარს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას და უთხრა, რომ “ეს მოხერხდება”. ყორშიას მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირას 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის “უბრალოდ დაფიქსირებისთვის”, რაც მისივე თქმით, “საჭირო იყო საქმისთვის”.
მთავარი არხის ჟურნალისტის სიუჟეტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ განაცხადა, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნული როინ მეტრეველის შვილიშვილებმა “ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი ლაივშივე შეწყვეტილიყო და ეთერში არ გასულიყო”.
ყორშიას თქმით, მუქარებით მისი შეშინება შეუძლებელია და “არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას არ აპირებს”.