ვინ იყო პირველი ქართველი მამაკაცი, რომელმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა?

რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს საინტერესო თემები არ ელევა. ამჯერად თავისი ბებიის, ოლგა გელაშვილის მონათხრობი გაიხსენა. ეს უკანასკნელი თავად შესწრებია კონკრეტულ ამბავს:

– სამწუხაროდ, დამადასტურებელი დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ კარგად მახსოვს, ბებიამ რომ გვიამბო XX საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, 1910-15 წლებში, პეტერბურგში გამართულ მამაკაცებს შორის სილამაზის კონკურსზე. კონკურსი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჩატარებულა, ეს კი, ფაქტობრივად, ევროპის კონკურსს უტოლდებოდა, რადგან იმხანად პოლონეთიც, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, ფინეთიც, კავკასიაც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა რუსეთის იმპერიაში შედიოდა.

ამ კონკურსში პირველი ადგილი აუღია ოსი წარმომავლობის მამაკაცს, მეორე ადგილზე კი ქართველი ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი გასულა. ამაზე მთელი ბორჯომის ხეობა ლაპარაკობდა.

kolia-gvelesiani-1686992615.jpg

კოლიას ბიძაშვილი – ანუ ბებია ოლგას დედა აგრაფინა გველესიანი წაღვერში იყო გათხოვილი, თვითონ კოლია გველესიანი კი სოფელ შროშიდან იყო და ხაშურში თუ გორში ცხოვრობდა. ბიძაშვილებს დიდი სიყვარული და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონიათ და კოლიაც ხშირად სტუმრობდა აგრაფინას. მაღალი, საოცრად წარმოსადეგი, ახოვანი კაცი ყოფილა. ბებია გვიყვებოდა: ჩვენთან რომ მოვიდოდა, ბავშვები გატრუნულები, მოწიწებით შევცქეროდით. მაგრამ თუ რამეზე გულიანად გადავიხარხარებდით, იმ წუთას მკაცრად გადმოგვხედავდა და შენიშვნას მოგვცემდა: პირდაღებული რომ იცინით, ნაოჭები გაგიჩნდებათ და ძალიან მალე დაბერდებითო.

კოლია დიდი მექალთანე ყოფილა. ბორჯომში თქმულებასავით ჰყვებოდნენ: როდესაც გზაზე ნაბად შემოხურული მამაკაცი გაივლის, ნაბდის ქვეშ კი სამი წყვილი ფეხი მოსჩანს, არ უნდა შეგეშინდეს, – უნდა მიხვდე, რომ კოლია გველესიანი მოდის, აქეთ-იქით კი ქალები ჰყავს ჩახუტებულიო.

ოლგა ბებია გულისტკივილით იხსენებდა, ჭაკებმა (ქალებს გულისხმობდა) დამიღუპეს ბიძაო. “ჭაკებს” ბებია კოლიასგან დაფეხმძიმებულ შვიდ ქალს უწოდებდა, ბიძამისს სასამართლოში რომ უჩივლეს. მართალია, ხაშურის სასამართლომ კოლია, რომელიც ქალებს არაფერს დაჰპირებია და არავინ მოუტყუებია, გაამართლა, მას განაჩენი ერთ-ერთმა საყვარელმა გამოუტანა: მოწამლა. იმხანად კოლია გველესიანი 30-35 წლისა იყო. სამწუხაროდ, ამ კაცზე მეტი არაფერი ვიცით, მხოლოდ ერთადერთი ფოტო შემოგვრჩა. თუ ვინმე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის, ძალიან დაგვავალებს.

allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share