2023 წლის 17, 18 და 19 ივნისს ბორჯომში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებლები ბახვი ჰესის მიერ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად ისახავს, მონაწილეების ინფორმირებასა და მხარდაჭერას საჯარო სკოლების ავტორიზაციისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის განვითარების დაგეგმვასა და წარმართვის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის მეორე სტანდარტის მოთხოვნებზე. ტრენინგ კურსის შედეგად, პედაგოგები უკეთ შეძლებენ სკოლის დონეზე იმ პროცესების მართვას, რომლებიც ავტორიზაციის სტარნდარტითაა გაწერილი, მათ შორის, სკოლის მისიის და მასთან დაკავშირებული ხედვის შემუშავებას, სტრატეგიული მიზნების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება/ამოქმედებას, გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად სასწავლო რესურსების შერჩევას და სხვა.
ტრენინგი ჩაატარეს მარი ჩიქობავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.
„ძალიან საინტერესო ტრენინგი გავიარეთ. ტრენერებმა გაგვაცნეს ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. სწრაფად განვითარებად დროში ასეთი სახის ტრენინგები, ლექციები, თუ სემინარები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ესა თუ ის ინფორმაცია, შესაძლოა უფრო ნელი ტემპით მოდიოდეს. თავის მხრივ, ეს ცოდნა იმისთვის გვჭირდება, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სკოლების განვითარებას, ამით კი მომავალი თაობის წარმატებაში მივიღოთ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ბახვი ჰესი დიდ მხარდაჭერას უცხადებს სკოლას და მასწავლებლებს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია“,- განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარიამ ღლონტმა.
„გავეცანით სკოლის ავტორიზაციის მასალებს და ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ბახვი ჰესს, რომელსაც ჩვენი სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. კომპანია არა მხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ მოსწავლეებზეც ზრუნავს და დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონში განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას.
მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ სკოლაში და ინფორმაციას მოსწავლეებსაც გავუზიარებთ. აღსანიშნავია, რომ საინტერესო ტრენინგთან ერთად შესანიშნავ გარემოში ვიყავით“,- განმარტა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებელმა, პაატა ვაშაყმაძემ.
ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს ჯამში 33, კერძოდ, 20 მთისპირის საჯარო სკოლის, 3 მთისპირის საბავშვო ბაღის, 10 კი ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებელი ესწრებოდა.