„გზა ბახვიდან ბერლინამდე“ ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის „როგორ დავიწყოთ სტარტაპი“

2023 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული მორიგი სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლას ადგილობრივი მეწარმე, დავით თენიეშვილი და მისი შვილი, გაბრიელ თენიეშვილი ეწვივნენ. დავით თენიეშვილს გურიაში ერთ-ერთი გამორჩეული ჩაის პლანტაციები აქვს და უკვე 30 წელია რეგიონში მცირე ბიზნესს მართავს. სწორედ სტარტაპის დაწყების თავისებურებები, რეგიონში არსებული შესაძლებლობები და მათი გამოყენების გზები იყო შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემები.

სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა გაბრიელ თენიეშვილმა, რომელიც უკვე წლებია ოჯახურ ბიზნესშია ჩართული და მიმდინარე წლის ზაფხულს თენიეშვილების ჩაი მთელ მსოფლიოს გერმანიაში ჩატარებულ ტურისტულ ფესტივალზე გააცნო.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, რა გამოწვევები ახლავს თან რეგიონში ბიზნესის დაწყებას, რა არის მათი დაძლევის გზები და რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

„ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული დღე იყო. სასიხარულოა, როდესაც შენი აზრი ვიღაცას სჭირდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. იმედია, მოსწავლეები გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს, რაც ბიზნესის დაწყების, თუ მისი კეთების პროცესში დაეხმარებათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს, რომ ახალგაზრდებთან ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება მომცა. ნამდვილად დასაფასებელი საქმეა, როდესაც მომავალი თაობის განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავ, განსაკუთრებით კი რეგიონში, სადაც მსგავსი სახის ინიციატივები ხშირი არ არის“,- განაცხადა მეწარმე, დავით თენიეშვილმა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს ამ ლექციის ორგანიზებისთვის. ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. მაგალითად, დღეს გავიგე, რომ სოფელ მთისპირში ახალი სამეწარმეო ხელშეწყობის პროგრამა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ინფორმაცია მივიღე ჩაის კულტურაზე, რაც ძალიან სასარგებლო იყო. ასევე, მიხარია, რომ გამოცდილმა მეწარმემ გავიზიარა საკუთარი გამოცდილება და რეგიონში საქმის კეთების უპირატესობები დაგვანახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ახალგაზრდებმა საკუთარი რეგიონები, სოფლები თავადვე განავითარონ და სახლ-კარი არ მიატოვონ“,- განაცხადა მთისპირის საკარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.

„ოჯახში ვაპირებთ მცირე ბიზნესის დაწყებას. ტრენინგმა დამანახა, რომ სოფელში ბიზნესის კეთებასაც აქვს დიდი მომავალი. მადლობა ბატონ დავითს და მის შვილს, გაბრიელს ჩვენთან სტუმრობისთვის და თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის. საინტერესო იყო გაბრიელის მიერ მოყოლილი საკუთარი ისტორია და ის, რომ მან არჩევანი სოფელში ცხოვრებასა და მამის ბიზნესში ჩართვაზე გააკეთა“,- განაცხადა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, საბა ბერიძემ.

სემინარი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლის უფროსკლასელებისთვის, კერძოდ,  8,9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად რეგიონში ბიზნესის დაწყების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას ისახავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share