ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება – ამ წუთებში პარლამენტთან მათი საპროტესტო აქცია იმართება. დღეს მაღაროელები მსვლელობით ჯორჯიან მანგანეზის ოფისთან იმყოფებოდნენ.
პარლამენტის შენობასთან მაღაროელები მეორე დღეა ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.