“ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით”, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟუნრალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია.
“მთხოვეს რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ ქეისის განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ.
რაც შეეხება 12 პუნქტს, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ პოზიციაშია, ვინაიდან, ევროკავშირის წევრი აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას და ნატო-ს წევრობას რამდენიმე ძირითად მიზეზის გამო. ყოველი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ასევე ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძირითადი დემოკრატიული ფაქტია და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ამას, ასე რომ, ჩვენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსისადმი პროგრესს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით…
ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ” – თქვა მარკ კლეიტონმა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.