გვარამიას შეწყალება – (არა)საკმარისი ნაბიჯი ევროპისკენ?

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მადლობა და საქებარი სიტყვა მიიღო. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან და ხელს უწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

პოლარიზაციის შემცირება ბევრისთვის სათუო საკითხად გამოიყურება – სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების თავდასხმების შემდეგ. გაისმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაც.

გვარამიას გათავისუფლებას ექსპერტები მიიჩნევენ აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობად, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რატომ იყო აუცილებელი ნიკა გვარამიას შეწყალება? არის თუ არა ეს საკმარისი პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად?

საკმარისია?

22 ივნისს, ბრიფინგზე, როდესაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გამოაცხადა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეს საკითხი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის არ დაუკავშირებია. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია უზენაესი სასამართლოს მიერ გვარამიას საქმეზე 19 ივნისს ნათქვამი უარით.

„ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა ასევე გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება – პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ – ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, რომელიც ამჟამად ბრიუსელში, „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრში“ მიწვეული მეცნიერის სტატუსით მუშაობს, კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო „ერთ-ერთ კონკრეტულ ნაბიჯად“ სწორედ ნიკა გვარამიას გათავისუფლება მიიჩნეოდა.

„მოსწონს ის [ნიკა გვარამია] ვინმეს თუ არა, როდესაც გვარამია დაიჭირეს, ის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური არხის [„მთავარი არხი“] ხელმძღვანელი იყო და დაიჭირეს სრულიად სადავო, არადამაჯერებელი განაჩენით. ევროპისთვის ეს პრინციპული საკითხია… ვინც უნდა ყოფილიყო, გვარამია თუ სხვა, ხელისუფლებისთვის მიუღებელი კრიტიკოსის ასე შეთითხნილად დაპატიმრებას არავინ მიიღებდა“, – ამბობს კაკაჩია.

ნიკა გვარამიას სადავო განაჩენის გადახედვის მოწოდება ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაში მოხვდა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაპატიმრების შემდეგ, 2022 წლის მაისიდან, ეს საკითხი ასევე მოხვდა არაერთ საერთაშორისო ანგარიშში და გაკეთდა უამრავი ზეპირი განცხადება.
საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო. ასევე მუდმივად ისმოდა მოწოდებები საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, მათ შორის მესამე სექტორის მხრიდან, რომ გამოეყენებინა შეწყალების დისკრეციული უფლება.

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების ბევრი მადლობა და ქება მიიღო, მათ შორის – ევროკავშირიდანაც. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველომ წინ წაიწია ევროინტეგრაციის გზაზე.

„ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას“, – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც გვარამია დადასტურებული დამნაშავეა. პრეზიდენტთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე, “ოცნება” პერიოდულად გამოთქვამდა იმედს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს მაინც არ გადადგამდა.

იმ პირობებში, როდესაც ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს სრულად შესრულებული, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად თვლის “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე. თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას – ეს არასაკმარისია და ევროკომისია არ მოადუნებს ყურადღებას სხვა შესასრულებელ პირობებთან დაკავშირებით.

„[ნიკა გვარამიას შეწყალება] ეხმიანება რეკომენდაციებში ასახულ ორ პრიორიტეტს – დეპოლარიზაცია და მედიის თავისუფლების ნაწილს. ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, ამ მიმართულებებით საერთოდ არ ჩანდა პროგრესი და ბუნებრივია – ეს გადაწყვეტილება [შეწყალება] მნიშვნელოვანია. თუმცა არ მგონია, რომ ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების გარანტია. დარჩენილია სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები“, – პრინციპულად მნიშვნელოვან და ჯერ ისევ შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის ჩხიკვაძე ასახელებს, მაგალითად: 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა გასამართლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, სულ მცირე, ხილული პროგრესის მიღწევას სასამართლო რეფორმირების მიმართულებით და სხვა.

ჩხიკვაძის ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიში 18 ან 25 ოქტომბერს გამოქვეყნდება; ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს გადაწყდება.

პოლარიზაცია შემცირდება?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეწყალების გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა.

ასეთ მოსაზრებას იზიარებენ სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც.

ვანო ჩხიკვაძე ვარაუდობს, რომ პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებული მოსაზრება იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, 2018 წელს, დიდწილად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა. „შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმას, რომ პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდეს და ეს გადაწყვეტილება [შეწყალება] აღქმულ იქნას არა პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამის, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებად“, – გვეუბნება ჩხიკვაძე.

იმ ფონზე, როცა სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ყველა მხრიდან უტევენ და რას არ უწოდებენ, დეპოლარიზაციის ნიშნებს ვერ ხედავს კორნელი კაკაჩია და არა აქვს იმედი, რომ შეწყალების ეს მნიშვნელოვანი აქტი საქართველოში არსებული ღრმა პოლარიზაციის პრობლემას მოაგვარებს.

პოლარიზაციის გამწვავებაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, მაგრამ არა საკუთარი ქმედებების, არამედ ოპოზიციის მიზეზით.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი [ნიკა გვარამია], რომელიც ხელს უწყობდა პირიქით ყოველთვის პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას“.

პარალელურად, მმართველი პარტიიდან საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციის მოთვინიერებისკენაც მოუწოდებენ.

„ახლა კი, შეწყალებითა და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მოწონებით, ბურთი იმათ მხარესაა, ვინც გვარამიას შეწყალება საჯაროდ დააკავშირა დეპოლარიზაციას. რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი მათი მხრიდან, ვისაც რეალური გავლენა აქვს, რათა ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგზე უარის თქმასა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად მუშაობაში დაარწმუნოს“, – განაცხადა 23 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

იმპიჩმენტი?

საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ გზავნილებში აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომელიც გამბედაობასაც მოითხოვდა.

ნიკა გვარამიას გათავისუფლების გამო გაბრაზებული გარკვეული ჯგუფები და მათ შორის ახლად დაფუძნებული ანტიდასავლური პოლიტიკური ძალის – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენლები პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და ქვეყნიდან გაძევებასაც ითხოვენ.

იმპიჩმენტი არ მოუთხოვია, მაგრამ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და “საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე”.

„სასწრაფოდ იმპიჩმენტი!“ – პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა სოციალურ ქსელებში მასობრივად შეინიშნებოდა ასევე 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის მწვავედ კრიტიკული გამოსვლის შემდეგაც. ეს მოთხოვნა ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

ვადაზე ადრე პრეზიდენტის პოსტიდან დათხოვნა, საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის შესაძლებელი.

  • პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზებაა საჭირო, რაც საპარლამენტო არითმეტიკით, ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება – როგორც დამოუკიდებლად და ასევე – თავის განაყოფ „ხალხის ძალასთან“ ერთადაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ამჯერად, ჯამში, 84 მანდატს ფლობენ.

ამასთან, ექსპერტების განმარტებით, იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ „სახეზე იყოს დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა“, რისთვისაც შეწყალების შემთხვევა ვერ გამოდგება.

შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ამ მექანიზმის გამოყენება ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდება.

ექსპერტებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული და ერთადერთი, ვისაც გააძლიერებს, ეს თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share