“ყალბ პატრიოტიზმსა და გულზე ხელის ბაგუნს თავი უნდა დავანებოთ და, შეძლებისდაგვარად, ადეკვატურად მოვიქცეთ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები „ცხელი თავების“ ლაპარაკს კი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ… შეიძლება ასეთ დროს დაპირისპირებაზე, ერის გახლეჩასა და სადღაც შეჭრა-შევარდნაზე იფიქრო? კიდევ კარგი, რომ ჩვენს საზოგადოებას შესწევს უნარი, სწორი არჩევანი გააკეთოს…”
დღეს ყველას თვალი და ყური უკრაინისკენ არის მიპყრობილი. როგორ გადაწყდება კონფლიქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა და როგორ აისახება ის საქართველოს მომავალზე? – თავის მოსაზრებებს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი “კვირის პალიტრას” უზიარებს:
”უკრაინაში საშინელება დატრიალდა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ საშინელებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, რაც კატასტროფაა! ჩემთვისაც მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო ამ ომის დაწყება. ასევე შოკის მომგვრელია ის, რომ უკრაინა, რომელსაც ნატოში შესვლა სურდა, ბრძოლის ველზე მარტო დარჩა. თითქოს ყველამ ხელები დაიბანა და განზე გადგა, უკრაინას კი თავს დაატყდა ნგრევა, სიკვდილი, გაჩანაგება, ლტოლვილები! ამ ომმა მარტო უკრაინას კი არ შეუქმნა საშიშროება, არამედ მთელ სამყაროს. აზრი დაკარგა ყველაფერმა, რაც მსოფლიოში წონასწორობას ინარჩუნებდა: სუვერენიტეტმა, სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებამ, ხელშეკრულებებზე ხელის მოწერამ…
ჩვენი პოზიცია დასავლეთის პოზიციისგან არ განსხვავდება.როცა ელჩები, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აქებენ გადადგმული ნაბიჯების გამო, ვინ ავრცელებს ამ მოსაზრებას და ხომ არ არის ეს შიდა არეულობისთვის გამიზნული? ჯერ არავინ იცის, მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესი რა შედეგით დასრულდება, მაგრამ ახლა ნებისმიერი ქართველი ფიქრობს თავისი ქვეყნის მომავალზე. ვითარება ძალიან რთულია და ამ ვითარებას სიმშვიდე და ადეკვატური გადაწყვეტილებები სჭირდება. ჩვენმა ქვეყანამ, როგორც შეეძლო, ყველა საერთაშორისო ფორმატით გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა. ხომ არ გვავიწყდება, რა მდგომარეობაშია საქართველო და ბოლო ათწლეულებში რამდენი რამ გამოვცადეთ? ჯერ სამოქალაქო ომი, მერე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა… ახლა, როცა რუსეთმა საქართველოზე გაცილებით დიდ ქვეყანასთან ომი გაბედა, რა უნდა გავაკეთოთ? მგონი, ყალბ პატრიოტიზმსა და გულზე ხელის ბაგუნს თავი უნდა დავანებოთ და ადეკვატურად მოვიქცეთ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები “ცხელი თავების” ლაპარაკს კი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
ჩემთვის გაცილებით მიუღებელია ციხეში გამომწყვდეული “ნაციონალების” ლიდერის მოწოდებები, რომ ეს მთავრობა უნდა დაემხოს, რომ ხელისუფლება უნდა გავრეკოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ზოგიერთს აზროვნების უნარს უკარგავს. მაინც რატომ არის ცუდი მთავრობის სურვილი, ომი თავიდან აიცილოს? შეიძლება ასეთ დროს დაპირისპირებაზე, ერის გახლეჩასა და სადღაც შეჭრა-შევარდნაზე იფიქრო? კიდევ კარგი, რომ ჩვენს საზოგადოებას შესწევს უნარი, სწორი არჩევანი გააკეთოს.
შენი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. თანამედროვე ომი არ არის ხელდახელ და ხმალდახმალ ომი, ის მაღალტექნოლოგიური ომია, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს. მისი შედეგების ყურება ძალიან მტკივნეულია და წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ასეთი რამ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს!
ვის შიშზე ლაპარაკობს ოპოზიცია? ისინი, ვინც ყველაფერი რუსეთს გადააბარა? ვინც 2008 წელს კოდორის ხეობა ისე დაკარგა, რომ იქ ერთი ტყვია არ გავარდნილა? მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს და თვითონ გარბოდნენ! თავად მოღალატეები ვის სიმხდალეზე ლაპარაკობენ?! ქვეყანა დააქციეს, გაყიდეს, ახლა აქეთ გაბრალებენ რუსეთუმეობას. უკრაინელებს ყველა ვგულშემატკივრობთ, მაგრამ ამ სიტუაციაში განა გონივრული იყო მოწოდება, რომ ჩვენთან თურმე მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას? მე მათი ლიდერების უტაქტო განცხადებებმა გამაოცა, თორემ უკრაინელ ხალხს დღეს ყველა მხარში უდგას.
რაც შეეხება სანქციებს, რა გვაქვს, რომ სანქციები დავაწესოთ! ეს რა სარგებელს მოგვიტანს, ან ჩვენი სანქციებით რა დააკლდება 145-მილიონიან ქვეყანას? ბევრი რამისთვის გვიწევს ანგარიშის გაწევა, რადგან საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და განვითარება სჭირდება. ქართველმა კაცმა ლხინიც იცის, ჭირის დროს მხარში ამოდგომაც, მაგრამ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობაც ხომ გაგვაჩნია? გავა დრო, მომავალში კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ბევრი რამ გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით მოსალოდნელი საფრთხე წინასწარ უნდა გავთვალოთ. მდგომარეობა რთულია და ამ სირთულის გათვალისწინება უნდა შევძლოთ, გონიერება, სიმშვიდე და ადეკვატურობა უნდა გამოვიჩინოთ. სიფრთხილე არ არის სიმხდალე, ის ზოგჯერ აუცილებელია. ჩვენი შესაძლებლობები რეალურად უნდა შევაფასოთ და კომპეტენტური ადამიანების აზრი გავითვალისწინოთ.” – აცხადებს პაპუაშვილი.