„ძველი რომის სურნელი“ – მეცნიერებმა 2000 წლის წინანდელი სუნამო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს სრულყოფილად შემონახული სუნამოს ფლაკონი, რომელსაც ძველი რომაელები 2000 წლის წინ იყენებდნენ.

ბოთლის ქიმიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ სუნამოს ერთ-ერთი ინგრედიენტი პაჩული [მრავალწლოვანი ტროპიკული ბუჩქბალახი] იყო.  ტიპური სურნელი თანამედროვე სუნამოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ რომაელების მიერ მისი გამოყენება აქამდე უცნობი იყო.

პირველი საუკუნით დათარიღებულ კვარცის ფლაკონში განთავსებული ესენცია მკვლევარებმა, 2019 წელს, რომაულ სამარხში (სამხრეთ ესპანეთის ქალაქ კარმონაში – ოდესღაც მნიშვნელოვანი რომაული დასახლება) იპოვეს. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კვერცხის ფორმის ტყვიის ყუთი და მინის სამარხი;

„სამარხში ფლაკონი და კრემირებული ქალის ნაშთები იყო მოთავსებული. როგორც გაირკვა, ქალი დაახლოებით 40 წლის იყო. კრემაცია იმ დროისთვის დაკრძალვის ჩვეულებრივი ფორმა იყო და რომაელები, რომლებსაც ამის საშუალება ჰქონდათ, თავიანთ საფლავებს ნივთებით რთავდნენ და მათ მიცვალებულს ატანდნენ, მათი აზრით, შემდგომ ცხოვრებაში,“ – განაცხადა ესპანეთში, კორდობის უნივერსიტეტში მოღვაწე ქიმიკოსმა, ხოსე რაფაელ რუის არიბოლამ.

ძველი რომაელებისთვის კვარცის ფლაკონი თავისთავად ფუფუნების საგანი იყო. როგორც ცნობილია, კვარცი ძალიან მყარი მინერალია, რაც ართულებს მის დაყალიბებას. ამიტომ ფლაკონის მცირე ზომა და დახვეწილი ელემენტები უკვე იშვიათ აღმოჩენად ითვლება. კიდევ უფრო უჩვეულო ფლაკონის დოლომიტის [მინერალი] თავსახურია, რომელიც დაფარულია მუქი, კუპრისებრი ნივთიერებით. ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება ბიტუმია. ფლაკონის შიგნით თავდაპირველი სახით შემონახული მყარი მასა იყო. ექსპერტების აზრით, ძველი რომაელები სურნელოვან ექსტრაქტებს ურევდნენ მცენარეულ ზეთებს, როგორიცაა ზეითუნის ზეთი. კვლევებმა მანამდე გამოავლინა ყვავილოვანი ექსტრაქტების ნიშნები კოსმეტიკური საშუალებების შესანახად გამოსაყენებელ ბოთლებში – სანელსაცხებლეებში. აღნიშნული აღმოჩენა კი პირველი შემთხვევაა, როდესაც არომატის წყაროს იდენტიფიცირება მოხერხდა.

ლაბორატორიული ანალიზებით დადგინდა, რომ ფლაკონში ჩასხმული იყო პაჩულის ეთერზეთისა და მცენარეული ზეთის ნაზავი. პაჩული მიიღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული მცენარისგან და ის, სავარაუდოდ, რომში სავაჭრო ქსელების მეშვეობით აღმოჩნდა.

პაჩულის ქიმიური „ხელწერა“ ბიტუმის ლუქის წყალობით შენარჩუნდა. თავსახურმა არამხოლოდ შეინახა სურნელი ფლაკონში, არამედ სუნამოს მოლეკულები ადსორბციის პროცესის საშუალებით შეაკავა – ადსორბირებული მოლეკულები აღარ აქროლდა.

მნიშვნელოვანია ასევე სრულყოფილად შენარჩუნებული დაკრძალვის ადგილი.

„სუნამომ ჩვენამდე მოაღწია, რადგან ის დახურულ, აბსოლუტურად ბნელ ადგილას იყო შენახული. საფლავი რომ ჩანგრეულიყო და იქ სინათლე შესულიყო, [სუნამოს] შენახვა შეუძლებელი გახდებოდა, რადგან სინათლე ამ ტიპის ქიმიკატების ყველაზე დიდი მტერია. არსებობს კვლევითი ჯგუფები და კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, ხელახლა შექმნან უძველესი სუნამოები. ეს აღმოჩენა კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამხელა იქნება.

მიუხედავად ამისა, არ ნიშნავს, რომ მთელ რომის იმპერიას პაჩულის სუნი ასდიოდა. იმ დროს სუნამოები მაღალი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ის, რომ სუნამო მზადდებოდა ეგზოტიკური ესენციისგან და, სავარაუდოდ, იმპორტირებულ და ძვირადღირებულ ქილაში ჩასხმული სუნამოს მესაკუთრე მდიდარი უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა რუის არიბოლამ.

ამავდროულად, გაურკვეველია, ეს სუნამო ყოველდღიურად გამოიყენებოდა თუ სასულიერო ან დამკრძალავი რიტუალის ელემენტი იყო. ექსპერტების მტკიცებით, სამარხში გაუხსნელი ფლაკონის არსებობა არასაჯარო, ერთგვარ ინტიმურ ჟესტზე მიუთითებს.

წყარო: https://www.sciencenews.org/article/ancient-roman-perfume-smell-patchouli 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share