”საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო და საქართველო თავიდანვე იბრძოდა იმისთვის, რომ გამხდარიყო NATO-ს წევრი სწორედ იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა – როგორც მე უკვე აღვნიშნე, ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია ბუნებაში არსებული არის NATO-ს წევრობა და რომლის უსაფრთხოების ქოლგა საქართველოზეც გადაფარებულიყო, სწორედ ამისთვის დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, ავღანეთში, ერაყში და ძალიან ბევრ სხვა ოპერაციაში.
ამიტომ, ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი მისწრაფება და ყოველთვის წამყვანი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებს შორის იყო საქართველო და NATO ამას აღიარებდა. ამას, ასევე, თან სდევდა ჩვენი მხრიდან ძალიან ძლიერი მოთხოვნა დიპლომატიური, პოლიტიკური, რომ საქართველოს პროგრესი ეჩვენებინა და მათგან პასუხი ყოფილიყო შესაბამისი.
[…] დღეს ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგეთ – იმ ხალხთან, რომლებიც ადრე ჩვენთვის იბრძოდნენ, დღეს სხვა დამოკიდებულება გვაქვს. დღეს ასევე ჩვენ გავუშვით უცნაური სიგნალი, იმით, რომ გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი და უფრო მაღალ დონეზე არ ვიყავით წარმოდგენილი; დღეს საქართველო რეალურად არ დგას უკრაინის მხარეს და უკრაინას მორალურ მხარდაჭერას არ უცხადებს, რომელსაც მისგან ელია და არ აჩვენებს, რომ არის ერთსულოვანი სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არის ის დიპლომატიური ფონი, რომელმაც ალბათ გამიწვია ის, რომ საქართველო ჩამოშორდა.
ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა, ეს შეიძლება სხვას გადააბრალო, მაგრამ მე მგონი, ეს არ იქნება სწორი. ჩვენ ეს რომ არ დაგვეშვა, ალბათ ასე არ იქნებოდა. განსაკუთრებით რთული სანახავია NATO-ს კონტექსტში უკრაინისგან დაშორება და ჩვენ აღმოვჩნდით ბოსნიის და მოლდოვას გვერდით, ასე ვთქვათ სხვა ბანაკში გადავინაცვლეთ. მაშინ, როდესაც მოლდოვა ასპირანტიც არ არის. ბოსნია სახელმწიფოა, რომელსაც პროგრესი არ უჩვენებია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.”