ამბოხის შემდეგ რუსეთის მმართველი ელიტა დაძაბული და დაბნეულია – მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, ვაგნერის ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს მოწყობილი ამბოხის შემდეგ რუსეთის მმართველი ელიტა დაძაბული და დაბნეულია.

ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა აზიის ტურნეში მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტების პატარა ჯგუფს უთხრა და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გავლენა აქვს კრემლში დაბნეულობას უკრაინაში ბრძოლის ველზე, რამდენადაც ფრონტზე მყოფი დაბალი რანგის რუსი მებრძოლები ადგილზე არსებულ სიტუაციაზე არიან კონცენტრირებულები და დღიდან დღემდე გადარჩენას ცდილობენ.

“ძალიან მაღალ დონეზე ბევრი დრამა მიმდინარეობს. როგორ განვითარდება ეს საბოლოოდ? ამაში დარწმუნებული არ ვარ. არ ვფიქრობ რომ აქ მოვრჩით. ვფიქრობ ამის შესახებ კიდევ ბევრი თავია მოსასმენი”. – თქვა მილიმ.

გენერალმა ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი აზრით ვაგნერის დამფუძნებელი ბელარუსსა და რუსეთს შორის წინ და უკან გადაადგილდება, თუმცა ზუსტ ლოკაციებზე არ უსაუბრია.

ჰავაიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, მარკ მილიმ აზიური ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share