„მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო” – რა წერია ქართულ კანონში

„სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას… ეს კანონით არის განსაზღვრული”, – ეს წინადადება დღეს „ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა. ის კომენტარს აკეთებდა უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონზე” და აღნიშნა, რომ ისინი ფულის სანაცვლოდ „ჩვენს ბიჭებს” ომში მონაწილეობას სთავაზობენ და „არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას”.

„ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები, არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ადამიანები მტრობენ ჩვენს ქვეყანას და არა ხელისუფლებას, საზოგადოებას და ზუსტად ასეთი დამოკიდებულებისა და არაგულწრფელობის, სპეკულაციების გამო არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან მძიმედ აქვს დღეს საქმე. ვარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მათი მდგომარეობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეკითხვაზე: ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ, იონათამიშვილი აცხადებს, რომ მან „კანონზე მითითება გააკეთა“.

„კანონით ეს არის განსაზღვრული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სხვისი ტყუილის გამო ამ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რა წერია კანონში

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;

რა იგულისხმება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში, როგორია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის პროცედურა, რა არის გასათვალისწინებელი არსებულ კონტექსტში – ამის შესახებ „პუბლიკა” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ცირა ჯანანაშვილს ესაუბრა.

მისი განმარტებით, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა საკითხთან დაკავშირებით არსებობდეს საერთაშორისო კონვენცია, ან სხვა რამ ნორმა, რაც ამ ვითარებაში გასათვალისწინებელი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ საქართველოს კანონზე დაყრდნობით.

იურისტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს. იუსტიციის სამინისტროში შემავალი ეს სააგენტო განიხილავს ამ საკითხს და შემდგომ შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. იურისტის მსჯელობით, საბოლოოდ მაინც პრეზიდენტს მოუწევს ამ საკითხის შეფასება.

ამ საკითხების გარდა, მნიშვნელოვანია განმარტება იმისა, თუ რა იგულისხმება სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლაში. როგორც იურისტი გვიხსნის, გვაქვს ასეთი კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის სახეებს.

31-ე მუხლის პირველ პუნქტში პირდაპირ წერია, რა არის სამხედრო სამსახური – სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

იურისტის შეფასებით, საკითხზე მეტ-ნაკლებად ცალსახა განმარტების გაცემა რთულია, ვინაიდან გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია უკრაინის კანონმდებლობის გათვალისწინება, ასევე ის, თუ რა  სამართლებრივი სტატუსით მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში – საკონტრაქტო ფორმით არიან, მოხალისედ, თუ რა სტატუსი აქვთ.

„ამიტომ, თუ, ვთქვათ, იქ ვინმე მოხალისედ არის წასული, რთულია იმის თქმა, ეს პირი შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგა და მათ ემსახურება. ამიტომ ცალსახად რამის თქმა რთულია ამ კუთხით და მაინც განმარტების საგანია.

ასევე, რადგან ახლა კონტექსტი სხვანაირია, ომი მიმდინარეობს, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. გასარკვევია, ქვეყნებს შორის ხომ არ არის რაიმე შეთანხმება, რაც ამ კანონიდან შეიძლება ცალკე გამონაკლის წესს ადგენდეს ამ პირების სტატუსთან დაკავშირებით.

შეიძლება საერთაშორისო კონვენციებიც არსებობს, რომლებიც ომის დროს სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში წასვლის საკითხს ეხება და ა.შ. ამიტომ გადაჭრით საკითხის შეფასების შესაძლებლობას, მოკლებული ვართ ამ ეტაპზე”, – ამბობს ჯანანაშვილი.

რაც შეეხება „პუბლიკის” შეკითხვას – თუ რომელი უწყებები იგულისხმება ამ მუხლში აღნიშნულ „კომპეტენტურ ორგანოებში” – იურისტი ამბობს, რომ გამომდინარე კონკრეტული სფეროებიდან, კომპეტენტური ორგანო შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, სუსი, თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების სამსახური და ა.შ.

რა ხდება შემდგომ? – როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას, სახელმწიფო ორგანო მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს. სააგენტოში იგულისხმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კანონი ასევე ითვალისწინებს პროცედურების დაწყებას, თუ სააგენტოსთვის გახდება ცნობილი ამ საფუძვლების შესახებ.

„ანუ შეიძლება სახელმწიფო ორგანომ მიმართოს სააგენტოს, როცა აღმოაჩენს ამ საკითხს, ან შესაძლოა თავად აღმოაჩინოს სააგენტომ, შეისწავლოს ეს საკითხი და შემდგომ უკვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი? – ასე გამოდის, რადგან ნორმაში გვიწერია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, თუ უარს იტყვის, მაშინ – განკარგულებას. ანუ საბოლოოდ მაინც პრეზიდენტს მოუწევს ამ საკითხის შეფასება”, – ამბობს იურისტი.

დეპუტატი ელეკო ელისაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა, „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ ყველა პირი, რომელიც უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, მათი მიმართ შედგა ოფიციალური დოკუმენტაცია და შემდგომ მოხდა მათი ჩართვა ამა თუ იმ მოქმედებაში.

publika.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share