რუსეთის ათიათასობით მოქალაქის ჩამოსვლამ საქართველოში ქირის ფასები ცაში ატყორცნა. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ბინას თვეობით ეძებს. პრობლემა არა მხოლოდ სიძვირესა და ცუდ პირობებშია – თუ თქვენი კანის ფერი თეთრი არაა, საცხოვრებლის პოვნა კიდევ უფრო გაგიჭირდებათ.
„უი, ეს სადაურია? ქართველები მეგონეთ ორივე”, – ჰკითხეს აპრილში ქეთის (სახელი შეცვლილია), როცა ბინის დასათვალიერებლად ნიგერიელ პარტნიორთან ერთად მივიდა.
ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მეპატრონეები მის შეყვარებულს „გადმოკარკლული თვალებით” მანამდეც უყურებდნენ. ზუსტად იცოდა, რომ ცოტა ხანში ეტყოდნენ: „ბინა უკვე გაქირავებულია”.
ქეთი ჰყვება, რომ ზოგი „არ ერიდებოდა პირდაპირ იმის თქმას, რომ მხოლოდ თეთრკანიანებს უშვებს ბინაში”, ზოგი მის შეყვარებულს „დაჰყვებოდა კუდში და არც ერთი წამით არ ტოვებდა მარტოს”.
მას მერე, რაც ბინის მეპატრონეებმა რამდენჯერმე უარით გაისტუმრეს, მაკლერებისთვის წინასწარ დაიწყო იმის თქმა, რომ სახლში შავკანიან პარტნიორთან ერთად უნდა იცხოვროს. თუმცა აქაც რასიზმსა და დაუფარავ შეურაცხყოფას გადააწყდა.
ივნისის ბოლოს ბინა ძლივს იშოვეს. იმაზე გაცილებით პატარა და ძვირი, ვიდრე წინა. შარშან, საბურთალოზე, 70 კვადრატულ მეტრში 900 ლარს იხდიდნენ. ჰქონდათ ცალკე სამზარეულო (ეს ქეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), საძინებელი, წიგნის თაროები.
ახლა სამზარეულო ცალკე აღარაა, „საძინებელში გვერდულად შევდივარ, რომ საწოლამდე მივაღწიო. თაროები არ მაქვს საერთოდ, იატაკზე მიწყვია წიგნების უმეტესობა და ამაში ვიხდი 500 დოლარს. გაორმაგებულია ჩვენი ქირა და განახევრებული ცხოვრების ხარისხი”, – ჰყვება ქეთი.
იმასაც ხვდება, რომ დღეს ეს არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. 500 დოლარად ზოგი გაურემონტებელ ხრუშჩოვკებს აფასებს. თანაც ქეთი ხედავს, რომ უამრავ ადამიანს მასზე ბევრად დაბალი შემოსავალი აქვს და გაცილებით უარეს პირობებში ცხოვრობს.
„ნახევარსარდაფებში” 800-900 ლარს ითხოვენ, წარმოვიდგენ, რომ აქ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ, შვილები უნდა ყავდეთ იქ, ბავშვები. სოროებში, ნესტიან კედლებში”.
დაბალი თამასა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ბათუმელი ზურა პატარიძე თბილისში ბინას ზაფხულიდან მოყოლებული ეძებს. თვეში 500-600 ლარის გადახდა შეუძლია. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ „ისეთი სახლებია, სადაც ადამიანი იძულებული ან გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო, არ მოუნდებოდა ცხოვრება”.
არადა, ბევრს არაფერს ითხოვს. უბრალოდ არ უნდა, რომ სახლში იყოს ნესტი, ჟონავდეს წყალი, აბაზანაში კი კაფელი იყოს აყრილი.
ამ პრობლემას უამრავი სტუდენტი აწყდება, ფეისბუკზე, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში დღეში ათობით განცხადება იდება. ახალგაზრდები წერენ, რომ ბინაში, საშუალოდ, 350-700 ლარის გადახდა შეუძლიათ.
ელენე დავითაია, რომელიც 10 წელიწადზე მეტია მაკლერად მუშაობს, ამბობს, რომ ამ ფასად სახლის შოვნა რთულია, თუ შეუძლებელი არა.
განსაკუთრებით კი ისეთის, რომელსაც ექნება გარემონტებული აბაზანა და ცენტრალური გათბობა. არადა, „ცენტრალური გათბობის არქონა დღეს იგივეა, წყალი რომ არ ჰქონდეს სახლს”.
ელენე ამბობს, ის ბინები, რომლებიც შარშან 400 დოლარი ღირდა, წელს 800, 900,1000 დოლარად ქირავდებაო.
„ასეთ ფასად ძირითადად ქირაობენ არასაქართველოს მოქალაქეები”, – აზუსტებს მაკლერი. ზუსტად ვერ ამბობს, მათ შორის რუსეთიდან ჩამოსული რამდენია, თუმცა „უმრავლესობა სლავები არიან”.
ელენე იხსენებს, ომის დასაწყისში, იმიგრანტების უმრავლესობა ბინებს „ორი-სამი თვით” ქირაობდა, რადგან ბევრმა თვითონაც არ იცოდა, რამდენი ხნით დარჩებოდა.
ახლა ბინებზე მოთხოვნა ოდნავ შემცირდა. სამაგიეროდ, „სლავების” უმრავლესობა ბინებს უფრო ხანგრძლივად ქირაობს.
ახალგაზრდები დაიჩაგრნენ
ელენეს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ფასები ხელოვნურადაა გაბერილი და არ არსებობს ერთიანი ფორმულა, რომლითაც ბაზარზე ქირის ფასი გამოითვლება.
იმავეს ამბობს ბათუმელი მაკლერი თაკო ვასაძეც. „ძველ კორპუსში 800 დოლარი ღირს 3-ოთახიანი ბინა და ახალში 700. ეგრე არ შეიძლება”, – ამბობს ის.
თაკო დარწმუნებულია, რომ პრობლემა რუს იმიგრანტებში კი არაა, არამედ იმაში, რომ მეპატრონეები სხვისი გამოუვალი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობენ.
„[რუსები] ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, ოღონდ სახლი ჰქონოდათ. წარმოიდგინე, მოდიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც ენა არ იცი, ბავშვები გყავს და ჭერი გინდა თავზე”.
თაკო იხსენებს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა იმ ქართველი ახალგაზრდების რიცხვმა, ვინც ცალკე ცხოვრობს. მაგრამ ისინი აქამდეც „დაბალბიუჯეტურ ბინებს” ქირაობდნენ, ამიტომ ფასების ზრდამ ყველაზე მტკივნეულად სწორედ მათ დაარტყათ.
დღეს „საქმე ასარჩევად აღარ აქვთ”. არც იმის „ფუფუნება”, რომ შედარებით ღირსეული ბინა იპოვონ. ბათუმშიც კი, გარემონტებული ერთოთახიანი ბინები გათბობით 300-350 დოლარი (დაახლოებით 1100 ლარი) ღირს.
„ჩვენები ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ვინც მირეკავს და დახმარებას მთხოვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვეხმარები”, – წუხს თაკო.
ზრდა ომის შემდეგ
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში ორას ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. კომპანია თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა მარტის თვეში.
აპრილ-მაისში საქართველოში თითქმის 6400 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 93% ინდივიდუალური საწარმოა, ანუ რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ბიზნესს საქართველოში აკეთებს.
უკვე ივლისში, 2021 წლის ივლისთან შედარებით, თბილისში კვადრატული მეტრის ქირის ფასი თითქმის 70%-ით იყო გაზრდილი.
რადიო თავისუფლება