ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პირველივე წვიმამ მწყობრიდან გამოიყვანა – ოპოზიცია მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მწყობრიდან, პირველივე გაწვიმებისას გამოვიდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ოზურგეთის ცენტრალურ, ვიქტორ დოლიძის (გუბერნიის ასასვლელი) ქუჩაზეა.

წვიმამ, ამ ქუჩის ტროტუარზე, მიმდინარე წელს დაგებული ფილაქანი აყარა და თავად ტროტუარიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამ ადგილის ერთი შეხედვითაც ნათელი ხდება, თუ რა ბედი მოელის უახლოეს მომავალში ამ ტროტუარებს მთელი ქალაქის მასშტაბით.

რადგან, როგორც საზოგადოებაში საუბრობენ, ფილები, რომლებითაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტროტუარია მოპირკეთებული (და არა მარტო ტროტუარები-საუბრობენ ასევე იმ მასალაზე, რომლითაც მოხდა საცხოვრებელი კორპუსების შეფუთვა), უხარისხოა:

“ვერ გეტყვით რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა ამ ეტაპზე, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქმე უპასუხისმგებლობასთან გვაქვს და ამის მიზეზი რამდენიმეა,  პირველი ის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რაც კორუფციასთან მიმართებაში დგას, მეორე ეს არის არაკვალიფიციურობა, რაც ჩემი აზრით პირდაპირ კავშირშია ნეპოტიზმთან, თუკი ადრე ტენდერებში “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული და მათი შემომწირველი კომპანიები იმარჯვებდნენ, ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლება, საკუთარი მაღალჩინოსნების ოჯახებთან დაახლოებულ პირებს ამარჯვებინებს.” – გვეუბნება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან“, თორნიკე გოგუაძე.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ოზურგეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

ოზურგეთს, ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებისათვის, ევროკავშირმა 11 მილიონი ლარი გამოუყო.

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებასს საზოგადოებას უმალავს და მთელი საინფორმაციო კამპანია მოქმედ პრემიერის “ჩაუქობასა” და “გაჭრიახობაზეა” აგებული.

როგორც ოზურგეთის მერიის წარმომადგენელმა ჩვენ, პრივატულ საუბრებში გვითხრა, აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც მწყობრიდან უკვე გამოვიდა. (ვიქტორ დოლიძის ქუჩა), არა ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის გარემოცვის, არამედ, გურიის მოქმედი გუბერნატორის მეგობრის, ვინმე ბეჟან ნაკაიძის გავლენის ქვეშ მყოფი კომპანიის “შემოქმედების” ნაყოფია.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share