,,ქართული ოცნება” შეურაცხყოფილია და ბოდიშის მოხდას ითხოვს ევროპელი დეპუტატებისგან, რომლებმაც ღია წერილი გამოუგზავნეს ხელისუფლებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები და იმ სპექტაკლის პერსონაჟები არიან, რომლის მთავარი გმირი მიხეილ სააკაშვილია.
,,ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია 285 უკრაინელი კანონმდებლის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციაც. რადას წევრები მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. მათი ადრესატი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებიც, რომ სააკაშვილის გადასარჩენად შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია. უკრაინის რადამ გუშინ დარეგისტრირებული რეზოლუცია გუშინვე მიიღო. ახლა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ამ ფონზე ,,ქართული ოცნება” პოლიტიკურ წნეხს აძლიერებს მეხუთე პრეზიდენტზე, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ არ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება და ამჯერად მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. პარტნიორ ქვეყანას კი ისევ ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. პარალელურად მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები პოლონელი ექიმების დასკვნას ელოდებიან, რომლებმაც უკვე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
კლინიკა ,,ვივამედში” მათ ვიზიტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძემ საგარეო უწყების პირველ პირს მოუწოდა დაიბაროს პოლონეთის ელჩი და მისგან მოისმინოს განმარტება გაუგებარ ინციდენტზე.
მთავარი არხი