საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ვივამედში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაუარა და თქვა, რომ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს და თან ერთადერთი მიზნით – “რამენაირად აზრი, შინაარსი და ეფექტი დაუკარგოს იმ დასკვნას, რომელიც შესაძლებელია დადონ პოლონელმა ექიმებმა”. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა,
“რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნებ ბებიამისის თმაა?”.- დასძინა ხაჭაპურიძემ.
“მიხვდნენ პოლონელი ექიმები რა დასკვნასაც დადებდნენ, სააკაშვილს რომ შეხედავ რა მდგომარეობაშია, გასაგებია რა დასკვნასაც დადებენ, ეს დასკვნა რომ რამენაირად გააბათილონ და ფასი დაუკარგონ ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ჩვენ აღარ შევუშვებთ, აღარ შევამოწმებინებთ და ეს დასკვნა უკვე ყალბია. რატომ არის ყალბი? დავუშვათ და ჰქონდა იმ კაცს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა, ამ კაცის ბებიის. საიდან ვიცით, რა მტკიცებულებებით?
[…] არეულია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია ამას სერიოზული სამართლებრივი შეფასება მისცე. მე პირადად ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის. დალუქულ ნიმუშთან ამას შემხებლობა არანაირი არ ჰქონია. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად აზრი, შინაარსი და ეფექტი დაუკარგოს იმ დასკვნას, რომელიც შესაძლებელია დადონ პოლონელმა ექიმებმა”.- თქვა ხაჭაპურიძემ.
14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა. როგორც მოგვიანებით კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დაწერა, ექიმმა განმარტა, რომ ყველაფერს წინდებში ინახავს და ჯიბეები არ უყვარს.
17 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი დაიბარეს. დიპლომატმა თქვა, რომ ექიმის საქციელის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმირებული არ იყო.
19 ივლისს განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ – უწყება ექიმის ქცევას “შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველ და გაუთვალისწინებელ ინციდენტად” აფასებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოს გამოქვეყნება თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.