“იპოვონ ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, არავინ არაფერს მეუბნება” – მოქალაქე შოვიდან

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, შოვში მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს.

მოქალაქე  აცხადებს, რომ ოჯახთან კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს, ხოლო ოფიციალური პირები მათ სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

“იპოვონ ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, სანამ ცოცხლები არიან, ალბათ, კიდევ. მეტი რა მოთხოვნა უნდა მქონდეს. არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს… ჩამოწვა მეწყერი და სავარაუდოდ ანძაც ჩამოწვა, არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები ვერავის.

მე ვეძებ ოფიციალურ პირებს, რომ რაღაც დავეკითხო, მე თვითონ გადავალ, მე თვითონ დავიწყებ სამძებრო [სამუშაოებს], მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება.” – აცხადებს მოქალაქე.

რამდენიმე საათის წინ კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.

შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share