8 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი გახლდათ “თბური ტალღა”. მათივე ცნობით, “მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს”.
რა არის “თბური ტალღა,” რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი და საერთოდ რა მოვლენები იწვევს მსგავს სითბურ ეფექტებს, ამ თემაზე Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ესაუბრა:
„თბური ტალღა არ არის ახალი ტერმინი. ბოლო წლებში, ადამიანის ცნობიერება საკმაოდ გაიზარდა მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ეს ტერმინიც უფრო ხშირად გვხვდება. თბური ტალღის დროს, მარტივად რომ გითხრათ ატმოსფეროში განვითარებული პროცესები რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის არსებობას განაპირობებს გარკვეულ ტერიტორიაზე.
თბური ტალღების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად წყნარ ოკეანეში განვითარებული ე.წ. ელ ნინიოს სამხრეთის ოსცილაცია (რხევა) შეიძლება დასახელდეს. ელ ნინიო, როგორც მოვლენა – გავლენას ახდენს მთელი დედამიწის კლიმატზე.
მსოფლიოს წამყვანი მეტეოროლოგიური ცენტრების პროგნოზით 2023 წლის ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, ცხელი უნდა ყოფილიყო.
ჯერჯერობით რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში – 15 აგვისტომდე. ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში, თურქეთის სამხრეთი ნაწილში, ესპანეთის ტერიტორიაზე და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰაერის ტემპერეტურა, ქვეყნის ტერიტორიის ზოგიერთ რაიონში რამდენიმე დღის განმავლობაში 38-40 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
39-40 გრადუსამდე სიცხე შენარჩუნდება 15 აგვისტომდე. აგვისტოს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, წვიამიანი დღეების ეპიზოდები აღინიშნოს, ამის ფონზე შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამაც დაიკლოს. ასეთი ტიპის აგრილებების ალბათობა არსებობს“, – განაცხადა თამარ პაპაშვილმა.
წყარო: „Ambebi.ge”