როგორი იყო შოვის ტრაგედის დროს ხელისუფლების დამოკიდებულება დაზარალებულებთან, ჭირისუფლებთან და მთლიანად საზოგადოებასთან, რამდენად მოახერხა ხელისუფლებამ მძიმე წუთებში საზოგადოებისათვის თანამდგომისა და ანგარიშვალდებულის განცდის შექმნა? – ამ საკითხებზე ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საუბრობს:
„შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების მოქმედებაზე უმჯობესია სპეციალისტებმა ისაუბრონ, რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას, ამ მხრივ სათქმელი მეც მაქვს. პირველივე დღეებიდან ვხედავდით, რომ ერთ მხარეს სამუშაო მიდიოდა, მეორე მხრივ კი საზგადოებაში კითხვები ჩნდებოდა და ეს ემოციები პირველ რიგში, ხელისუფლებისგან უნდა დაბალანსებულიყო. ჩემთვის პირველ რიგში, მედიასთან ურთერთობის კონტექსტი იყო სრულიად გაუგებარი, რაც გელა მთივლიშვილთან და „მთის ამბებთან“ მიმართებაში ვნახეთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი – ხომ არ არის აქ რაიმე ისეთი, რის შეფუთვას ან დამალვასაც ხელისუფლება ცდილობს. მეორე მომენტი იყო ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირები სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანებს და ჭირისუფლებს საკმაოდ უხეშად ეკონტაქტებოდნენ. ასევე, არ ჩანდა ადამიანებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მცდელობა. უმეტესად, ჟურნალისტების აქტიურობას მოჰყვებოდა ხელისუფლების უკუკავშირი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. მსგავსი ტიპის საგანგებო სიტუაციებში ხელისუფლება თავიდანვე მუდმივ მონიტორინგზე და მუდმივი ანგარიგების რეჟიმშია საზოგადოებასთან, აიმედებს, ამშვიდებს და ა.შ. ამ კონტექსტში ხელისუფლებამ ნამდვილად ვერ გამოიჩინა თავი და პირიქით, ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფორმით გამოხატა ადამიანებისადმი დამკიდებულება“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
გამზარდიამ ირაკლი კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტიქიური უბედურებისას გადარჩენილთა მისამართით გააკეთა.
„სწორედ ამ დამოკიდებულების ნაწილი იყო პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე რეაგირება. წამოიდგინეთ, თავად მედიას გამუდმებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას საყვედურობენ და ამ დროს, მაღალი თანამდებობის პირი გადაუმოწმებელი ინფორმაციის და დამონტაჟებული ფოტოს პირობებში აკეთებს ძალიან მძიმე განცხადებებს ადამიანის მიმართ, რომელიც კინაღამ სტიქიის მსხვერპლად იქცა. ეს აგრესია აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებუებას ხალხთან, იმ დროს, როდესაც ისი კომფორტი ირღვევა. შემდგომი ნაბიჯი, ანუ სინანული რა თქმა უნდა, შედარებით გონივრულია, იმიტომ, რომ ბოდიში აუცილებელი პირობა იყო, მაგრამ როდესაც ადამიანებს რეპუტაცია არ აქვთ, მათ ბოდიშს ნაკლებად მოჰყვება ის შედეგი, რისთვისაც პასუხისმგებლობა დგება. თანამდებობის პირის ბოდიში არ უნდა იყოს რიტორიკა. როდესაც თანამდებობის პირს საქმე საბოდშოდ აქვს, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა მოაყოლოს. ეს იმდენად არაეთიკური საქციელი იყო, რომ დაუყოვნებლივ პარლამენტის წევრის მანდატი ან პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დაეტოვებინა. მმართველი პარტიის თავმჯდომარეა პირი, რომელსაც დაზარალებულს და მსხვერპლს არაეთიკურად, ძალიან დიდი აგრესიისა და სიძულვილის თანხლებით მოიხსენიებს, ამიტომ ჩემთვის ეს ბოდიში არაფრის მომცემი იყო. ის შედეგიანი იქნებოდა, თუკი ირაკლი კობახიძე პარლამენტის მანდატს, პარტიის თავმჯდომარის პოსტს ან ორივეს დატოვებდა. ამ შემთხვევაში იქნებოდა განცდა, რომ ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა აიღო თავის ძალიან არასწორ საქციელზე, ამიტომ ეს ფორმა ჩემთვის რაღაც ტერორიტული ჯგუფები რომ იღებენ პასუხისმგებბლოას, ამას ჰგავს. შესაბამისად, შოვის ტრაგედიის ამ ასპექტში – როგორი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადებასთან, რამდენად ახერხებდა საზოგადოებისათვის თანამდგომის განცდის შექმნას, რამდენად გრძნობდა ანგაშვალდებულებას დაზარალებულების, მსხვერპლების და მათი ოჯახების მიმართ და ა.შ. ყველა ამ ნაწილში ჩემი პროფესიის ადამიანმა ხელისუფლებას შეიძლება ძალიან ნეგატიური ქულები დაუწეროს“, – ამბობს გამზარდია.