კვლევა – პანდემიის დროს საქართველო უფრო ბედნიერი გახდა

20 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსოფლიო ბედნიერების დღედ აქვს დაწესებული. ამ დღეს გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში (WHR) 149 ქვეყანას შორის საქართველო 108-ე ადგილზეა.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პირობებში საქართველოს მოსახლეობა ერთბაშად 9 პოზიციით გაბედნიერდა, ამასთან, სამეზობლოში მაინც ყველაზე არაბედნიერი მოქალაქები ჰყავს.

2012 წლიდან მოყოლებული, ბედნიერების დონის დასადგენად, ექსპერტები ითვალისწინებენ 6 მთავარ მონაცემს. მათ აჯამებენ და ათბალიანი სკალით თითოეული ქვეყნისთვის საშუალო ქულა გამოჰყავთ.

 

ბედნიერების 6 ფაქტორი:

  • ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა

უკვე არსებული მონაცემებისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზები/საქართველოს შედეგი: 14,539 (70-ე ადგილი)

  • ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები: 64.300 (91-ე ადგილი)

  • სოციალური მხარდაჭერის სისტემა.

პასუხი კითხვაზე: “გასაჭირში რომ აღმოჩნდეთ, გყავთ თუ არა ნათესავები და მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან?”-0,671 (123-ე ადგილი)

  • არჩევნის თავისუფლების ხარისხი:

პასუხი კითხვაზე: “კმაყოფილი ხართ იმ თავისუფლებით, რომელიც გაქვთ თქვენი ცხოვრების განკარგვისას?” – 0.783 (82-ე ადგილი)

  • მონაწილეობა ქველმოქმედებაში:

პასუხი კითხვაზე: “უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თუ გაიღეთ თანხა ქველმოქმედებისთვის?” – 0.075 (145-ე, ბოლოდან 5-ე ადგილი)

  • კორუფციის აღქმა:

პასუხი ორ კითხვაზე: “არის თუ არა კორუფცია ფართოდ გავრცელებული ხელისუფლებაში?” და “არის თუ არა კორუფცია ფართოდ გავრცელებული ბიზნესში?” კი, ან არა. ანგარიშობენ ორი პასუხის საშუალო არითმეტიკულს, ნულიდან ერთამდე: 0.655 (109-ე ადგილი)

  • დამატებითი ფაქტორები:

ბედნიერების დონის კიდევ ერთი საზომი მისი სუბიექტური აღქმაა. კვლევის მონაწილეები პასუხობენ კითხვას:

“წარმოიდგინეთ კიბე. მისი საფეხურები დანომრილია. ქვედა საფეხურს 0 აწერია, ზედას 10. კიბის ზემოთ თქვენთვის სასურველი საუკეთესო ცხოვრებაა, კიბის ქვემოთ – ყველაზე ცუდი. კიბის რომელ საფეხურზე გრძნობთ თავს ახლა?”

2020 წელს ამ კითხვაზე საშუალო პასუხით საქართველოს 5.123 ქულას მოუგროვდა. (73-ე ადგილი), 2017-19 წლებში კი 4.673 ქულა (81-ე ადგილი)

ინდექსში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ ჩამორჩება მეზობლებსს და თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას. მათგან 2020 წელს საქართველოზე ნაკლებად ბედნიერი მხოლოდ უკრაინა იყო (110-ე ადგილი).

ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის გაბედნიერება სათუოა ISET კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარისთვის, მაკა ჭითანავასთვის. ის ამბობს, რომ კვლევა ნორმალურ პირობებში საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პანდემიის პირობებში მისი შედეგები კითხვებს აჩენს. თუნდაც იმიტომ, რომ არ გამართლდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თაობაზე, რასაც ინდექსი თავის გამოთვლებში ეყრდნობა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი განმარტავს, რომ საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვინია ისიც, თუ როდის ჩატარდა კვლევა. პანდემიის პირველმა ტალღამ საქართველოში შედარებით მსუბუქად ჩაიარა და ეპიდვითარება მხოლოდ შემოდგომაზე დამძიმდა. ბუნებრივია, რომ ეს აისახებოდა მოსახლეობის განწყობებზე.

ამასთან, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის მსვლელობა ადამიანებზე სხვადასხვაგვარად აისახა. ზოგისთვის ლოქდაუნის მოლოდინი გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე პანდემიის პიკი. ზოგისთვის კი პირიქით.

პამდემია, ნდობა და ასაკი

კვლევის ავტორებს არ აქვთ ზუსტი პასუხს კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ კაცობრიობის ბედნიერებზე. ისინი მიუთითებენ, რომ მათი მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ზეგავლენა მინიმალურია: 2020 წელს ბედნიერების ინდექსში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. საქართველოზე უფრო მხოლოდ გერმანია დაწინაურდა, რომელმაც 17-ე ადგილიდან 7-ზე გადაინაცვლა.

სამაგიეროდ, გაცილებით მეტი ვიცით იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პანდემია სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ბევრ ქვეყანაში 60-ს გადაცილებულები უფრო ბედნიერები გახდნენ, ახალგაზრდები კი პირიქით. შესაძლოა ეს იმით აიხსნება, რომ ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ასაკოვანი ადამიანების ნაწილი ახლა იმაზე უფრო ხშირად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, ვიდრე პანდემიამდე. ახალგაზრდებს კი სოციალიზაცია აკლიათ და ბევრი მათგანი უსამსახუროდ დარჩა.

გარდა ამისა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბედნიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი – ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა, და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებების მიმართ – სკანდინავიის ქვეყნებსა და ახალ ზელანდიას პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გაკლავებაში დაეხმარა.

ამ სირთულეებს შორისაა მენტალური ჯანმრთელობისთვის წარმოქმნილი რისკებიც.

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

თუმცა ეს ქვეყნები გამონაკლისს წარმოადგენენ. მთელი პლანეტის მასშტაბით, პანდემია მთლიანობაში ნეგატიურად აისახა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. თანაც ზეგავლენა მყისიერი იყო. მაგალითად, უკვე 2020 წლის მაისში, ლოქდაუნის და სოციალური დისტანციის გამო, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელზე 47%-ით გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. იქ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, კარანტინის შემდეგ ადამიანებს განუვითარდათ პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის ნიშნები.

ვირუსის შიში, სოციალური დისტანცია, ეკონომიკური ფაქტორები – ანგარიში ნეგატიურ ზეგავლენას ამ და სხვა ფაქტორებს უკავშირებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პანდემია კიდევ უფრო აღვივებს უკვე არსებულ უთანასწორობებს. მაგალითად, ის ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო მოქმედებს, ვიდრე კაცებისაზე, და დამატებით პრობლემებს უქმნის ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ და სხვა უმცირესობებს.

ამავდროულად, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის დაწყებიდან მხოლოდ ერთი წელია გასული, შესაბამისად ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით თუ რა კვალს დატოვებს ის ჩვენს ფსიქიკაზე.

მსოფლიო ბედნიერების ინდექსი წელს უკვე მეცხრედ გამოქვეყნდა. მისი გამოქვეყნების იდეა 2011 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა ქვეყნებს “მიანიჭონ უფრო დიდი მნიშვნელობა ბედნიერებასა და კეთილდღეობას, რათა დავადგინოთ, თუ როგორ მივაღწიოთ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და როგორ გავზომოთ ის”.

“რადიო თავისუფლება”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share