ვინ მოიგო კობახიძის ბოდიშით – „მთავარია ამან სისტემატური ხასიათი არ მიიღოს“

მოუგო თუ არა პოლიტიკურად ხელისუფლებამ ოპოზიციას და რატომ დაიხია უკან ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცახდების შემდეგ? კარგია თუ არა, როცა ხელისუფლება ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და მისი გამოსწორებაც არ ეთაკილება, ბოდიშსაც იხდის და ცდილობს საზოგადოებას აუხსნას, რომ შეცდომის დაშვებას აღიარებს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოქმედება სწორია, თუმცა, თუკი ხისტი და დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებამ და საზოგადოების პროტესტის შემდეგ ამაზე ბოდიშის მოხდამ თუ სისტემატური ხასიათი მიიღო, ეს „ოცნებას“ სერიოზულად დააზიანებს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები  აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის უარი პარლამენტში შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის შემქნაზე გაუმართლებელია. მეტიც, მათი აზრით, სხვადასხვა გარემოების გამო, „ოცნება თავად უნდა იყოს დაინტერესებული ამ კომისიის შექმნით. ოპოზიცია ცდილობს შოვის ტრაგედიაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რაც სრულიად ბუნებრივია. კომისიის შექმნაზე ხელისუფლების უარი კი ამ მხრივ მათ ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ხისტი განცხადება და ბოდიში

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

კობახიძეს მხედველობაში ჰქონდა შოვის ტრაგედიისას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია.

ამას საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ირაკლი კობახიძე პირადად შეხვდა დავით ჯელაძეს, მოგვიანებით კი ახალი განცხადება გააკეთა და სინანული გამოხატა „დავით ჯელაძისთვის გულის ტკენის გამო“ .

ოპოზიციამ „ოცნების“ თავმჯდომარე ამის გამოც გააკრიტიკა და მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ზედაპირული, არაფრისმთქმელი, საქმით დაუმტკიცებელი, ყალბი ბოდიში საზოგადოებაში არავის სჭირდება“, – განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას აზრით, „ქართულ ოცნებას“ იმ ბრაზისა და რისხვის შეეშინდა, რაც უკვე ისმოდა და მწიფდებოდა საზოგადოებაში.

„ამიტომ მათ საჯარო კომუნიკაციის ძვირადღირებული, უცხოელი ექსპერტების რჩევით და კვლევების შედეგად შემოაბრუნეს რიტორიკა, მაგრამ არა პოლიტიკა – მათი ორგანული და ბუნებრივი პასუხი სტიქიის მსხვერპლზე თავდასხმა იყო. ეს არის „რუსული ოცნების“ ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება კარგი და სწორია – კარგი იქნება ამას „ქართულ ოცნებაში“ უფრო ხშირად აკეთებდნენ“, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა სანდრო რაქვიაშვილმა.

„ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო – მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი“, – ასე ეხმაურება „ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, ადვილად გასაგებია, რომ ოპოზიცია კობახიძის სინანულს ვერ აღიქვამს, რადგან „რაც ამ ოპოზიციამ მისი ქმედებებითა და ხელდასმით ტრაგედიები დაატრიალა, არც ერთზე ბოდიში არ მოუხდია და არც სინანული გამოუთქვამს“.

„შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.

„ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა – ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.

„ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო. როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რატომ მოიხადა ბოდიში კობახიძემ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე, არა მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ხისტი განცხადებებით გამოირჩევა. შესაბამისად, თუნდაც იგივე შინაარსის განცხადება სხვაგვარად რომ ეთქვა, შესაძლოა ამ ბოდიშის მოხდაც არ დასჭირვებოდა.

„ვფიქრობ, გააანალიზა და მიხვდა, რომ საზოგადოების მსგავსი პროტესტი მისი ნათქვამის მიმართ, მასაც და ხელისუფლებასაც ძალიან დააზიანებდა. ამ პროტესტის ფონზე არ გამოვრიცხავ, რომ თავად გადაწყვიტა უკან უნდა დაეხია და ოპოზიციისთვის ეს კოზირი ხელიდან  წაერთმია.

„სწორი ნაბიჯი იყო. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, როცა საზოგადოების ასეთ პროტესტზე ხელისუფლება რეაგირებს. ამაში ცუდი არაფერია და ძალიანაც კარგი, რომ მათ აქვთ რეაგირება. თუმცა, ამას არ უნდა მიეცეს სისტემატური სახე. სჯობს კობახიძეც და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, სანამ ასეთ სენსიტიურ თემაზე რამეს იტყვიან, უფრო დაფიქრდნენ და მეტად გააზრებული განცხადება გააკეთონ.

„ვერ ვხვდები რა სარგებელია იმაში, როცა ჯერ რაღაცას ამბობს და მერე ბოდიშებს იხდის. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს რაღაც სიხისტის ზონა გააფართოვოს, თუმცა როცა ხედავს, რომ ამას ოპოზიცია ანას იღებს და საზოგადოებრივ აზრს მათ საწინააღმდეგოდ აყალიბებს, ხელისუფლება რიტორიკას ცვლის. კობახიძეს კი არა,  მასზე დიდ პოლიტიკოსებს გაქცევიათ სიტყვა, მაგრამ მათ შეცდომები გაუაზრებიათ და აღარ გაუმეორებიათ. აი, ამას აქვს მნიშვნელობა“, – ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი უკან დახევა, თუკი ამას სისტემატური ხასიათი ექნება, მასვე დააზიანებს და ამით ის საკუთარ ამომრჩეველშიც კი სუსტად წარმოჩინდება. ამიტომ ძაბირაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს ჯერ დაფიქრდნენ, გააანალიზონ და განცხადებები შემდეგ გააკეთონ.

„საერთოდ, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და არ უნდა გაუკვირდეს, როცა ოპოზიცია ნებისმიერი თემის პოლიტიზირებას შეეცდება. შოვის ტარგედიაც ერთ-ერთი მათგანია და ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია ამას პოლიტიკისთვის იყენებს. თუმცა, ენმ-ის გულწრფელობაში ეჭვი რომ შესატანია, ესეც მესმის“, – აცხადებს ძბირაძე.

ანალიტიკოს რამაზ საყარელიძის აზრით კი, ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება მსგავს შეცდომებს ხვდება და საზოგადოების პროტესტზე რეაგირებს. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, მსგავსი საქციელი მიხეილ სააკაშვილის ხელსუფლების პერიოდიდან არავის ახსოვს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და ა.შ., არასწორია, რადგან თუკი ვინმემ გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ეს აღიარა, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს.

„ვფიქრობ, კობახიძის განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იყო. უბრალოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა ეს თემა ძალიან კარაგდ აიტაცეს და მისგან პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სცადეს. ოპოზიცია იმდენად არის გაბანკროტებული და პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, რომ ამისთვის ნებისმიერ თემას გამოიყენებენ. ამიტომ ხელისუფლება უფრო დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოს, რათა მსგავსი თემებიდან ოპოზიციას ქულების დაწერის საშუალება არ მისცენ.

„ვფიქრობ, ამას ხელისუფლება და კობახიძეც ძალიან კარგად მიხვდნენ. ამიტომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დაზარალებულ ახალგაზრდასთან შეხვედრა გადაწყვიტა და სინანულიც გამოთქვა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გამართლებულია თუ არა „ოცნების“ უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია უნდა დათანხმდეს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, მათი კატეგორიული უარი საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს გააჩენს. მეორს მხრივ კი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ტრაგედია გარკვეულწილად წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების შედეგიც იყო.

„საქმე ისაა, რომ შოვის ტარგედიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ოცნებას“ არ ეკისრება. წინა ხელისუფლების დროს მოხდა ზუსტად ამ სფეროს განადგურება. ასევე ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუნდაც ტყეების გაჩეხვა და ასევე ისეთ ადგილებში სასტუმროების, სახლებისა და კოტეჯების აშენება, სადაც არ უნდა აშენებულიყო. გეოლოგიის ინსტიტუტის გაუქმება  და ამ სფეროს უგულველყოფა „ნაციონალების“ დროს მოხდა. ამიტომ რაზე ქმნის საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია, ესაა საკითხავი. რეალურად უნდა რამის გარკვევა? მაშინ დაიწყოს თავისივე ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების აღიარებით. ხელისუფლებას ამაში ვეთანხმები.

„მეორეს მხრივ კი, როცა ხელისუფელბა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კატეგორიულ უარს ამბობს, საზოგადოების ნაწილში ეჭვები ჩნდება – რეალურად ხომ არაფერს მალავს, ხომ არ იყო სამაშველო ოპერაციის დროს შეცდომები დაშვებული და ა.შ. სხვა საკურორტო ზონებიც გვაქვს, სადაც საფრთხე არანაკლებია. ამიტომ მე ვურჩევ ხელისუფლებას, ამ სპეკულაციების თავიდან არიდებისთვის დასთანხმდეს საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – ამბობს ძაბირაძე.

რამაზ საყვარელიძე „ოცნებას“ ასევე ურჩევს დათანხმდეს საგამოძიებო კომისიის შექმნას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების შემდეგ მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

„ოპოზიციას ამ თემის ირგვლივ რაიმე პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება არ უნდა მიეცეს. იგივე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გვახსოვს სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, მასთან პოლონელი ექიმები რომ შეუშვეს, საბოლოო ჯამში რაც მოხდა. იგივე მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც. ოპოზიციას სურს, რომ ამ თემიდან პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას. რეალურად კი არ აქვთ სურვილი, რომ ამ გამოძიებით სიმართლე დადგინდეს“, – ამბობს საყვარელიძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share