გურული და აჭარელი ფერმერები თხილის დაბალ ფასს აპროტესტებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
თხილის მწარმოებელი ათამდე ადგილობრივი ფერმერი შეიკრიბა დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში და თხილის მიმღებ პუნქტებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა გააპროტესტა.
მათი თქმით, თხილის ბიზნესთან დაკავშირებით, მდგომარეობა, ყოველწლიურად უარესდება მისაღები ფასები სულ უფრო იკლებს, რაც გლეხებისათვის არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
დღეისათვის ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტებში, ერთი კილოგრამი თხილის ფასი ლარი და ოთხმოცი თეთრიდან (გულშიშველა), სამ ლარამდე (ბერძნულა), მერყეობს.
ქობულეთში გულშიშველა ერთი კილოგრამი 2 ლარი და 80 თეთრია, ხოლო ბერძნულა 4 ლარი.
ნებისმიერი თხილის მეპატრონე, ვალდებულია, მიმღები წერტის წარმომადგენლის ნებას დაემორჩილოს, ეს უკანასკნელი კი მისი ნებასურვილისამებრ 20 მდე თხილს იღებს, მის ვარგისიანობას ამოწმებს, და ფასსაც აქედან გამომდინარე უდგენს.
ადგილობრივი ფერმერები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ ყველა ამ მიმღები პუნქტების უკან, ხელისუფლების წარმომადგენლების ან მასთან აფილირებული პირების ფინანსური ინტერესები დგას და მათი პირადი მოგების მიზნითაა განპირობებული დაბალი ფასები.
“თხილის მოვლა პატრონობა გაცილებით ძვირი გვიჯდება ვიდრე ის შემოსავლები რომელსაც აქედან ვღებულობთ. თუ ასე გაგრძელდა იძულებულები გავხდებით თხილის პლანტაციების გაჩეხვები დავიწყოთ” გვეუბნებიან ქობულეთელი ფერმერები.
ლეღვაში მცხოვრები დავით სანიკიძე ერთერთია იმ ასეულობით ფერმერიდან, რომლის ოჯახისთვისაც თხილი ერთადერთი შემოსავალია. ის სამ ჰექტარ თხილის პლანტაციას ფლობს, თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე წელია უკვე წაგებაზეა, მაგრამ წელს მისი ბიხნესის მდგომარეობა უფრო მეტად კატასტროფული გახდა და ისიც თხილის აჩეხვაზე ფიქრობს.
ოპოზიციაში ხელისუფლების უუნარობაზე და კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ბონდო თევდორაძის თქმით, ხელისუფლებას მთლიანად აქვს მონოპოლიზირებული ეს ბაზარი და საკუთარი ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით გლეხებს სულ უფრო მეტად და მეტად წნეხში აქცევს.
თავად გლეხები კი ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ მთავრობამ მოსახლეობა უპატრონოდ მავნებელ ფაროსანას პირისპირ დატოვა რომელიც ხელისუფლებასთან ერთად გლეხის მოასავალ აჩანაგებს.