სასტუმრო “გრაფიკა” რომელიც კურორტ შეკვეთილში ზღვის პირას მდებარეობს სოზარ სუბარის ოჯახს, კერძოდ “ხალხის ძალის” ლიდერის ცოლის ძმას, ნიკა ყუბანეიშვილს ეკუთვნის. შპს გრაფიკა შეკვეთილში ოფიციალურად 600, არაოფიციალურად კი 927 კვადრატულ მეტრს განკარგავს.
უკანონოდ მითვისებული 327 კვ მეტრი მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, სასტუმრომ მიმდინარე წელს კვების ობიექტის მშენებლობა დაიწყო და დაამთავრა კიდეც.
უკანონო მშენებლობის გამო ადგილზე დასაჯარიმებლად ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა ჯარიმის გამოწერა მაინც ვერ შეძლეს. ოპოზიციის მტკიცებით საქმეში სოზარ სუბარი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ჩაერიენ და უფლებამოსილ სამსახურს ოქმი აღარ შეუდგენია.
ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
მუნიციპალური ინსპექციის სამსახური არ ერიდება რიგითი ადამიანების დაჯარიმებას, თუმცა მაშინ როდესაც საქმე ოცნების მაღალჩინოსანს ეხება- შესაბამისი სტრუქტურები უკან იხევენ. სოზარ სუბარის ოჯახის კუთვნილი კვების ობიექტი კი მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს.
წყარო – მთავარი არხი