გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი შეცვლის. ახალი მინისტრი რადამ უნდა დაამტკიცოს.
“ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას“ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რეზნიკოვის შესაძლო გადაყენების შესახებ უკრაინული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. რაც შეეხება რუსეტმ უმეროვს, ის სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში, ელჩად დაინიშნება.