მეოცნებე გლეხი – გურული „ზღაპარი“

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების შემხედვარე ბავშვობაში გაგონილი ერთი გურული ლეგენდა/ზღაპარი გამახსენდა, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია:
.
გურიაში ერთი გლეხი ცხოვრობდა, რომელსაც ყური მოუკრავს, რომ საყორნიისკენ მიმავალ გზაზე ერთი ოცნების ტბა ყოფილა და თუ ამ ტბაში დაყვინთავდა ამოყვინთვამდე რასაც ისურვებდა ყველაფერი აუხდებოდა. ჰოოდა ამანც რაღა ბატონის ყანა ვთხნოო და გაიქცა ამ ტბის მოსაძებნად, იპოვა თუ არა ტბა მაშინვე შევარდა და დაყვინთა, დაყვინთა და ინატრა – ლამაზი ქალი, ოქრო ვერცხლით დატვირთული ფაშატი ცხენი და კაი მწევარი ძაღლი.
.
რომ ამოყვინთა ჩაიხედა ტბაში და რას ხედავს?! – ლამაზ ქალად გადაქცეულიყო. დაჯდა ქვაზე და ტირილი დაიწყო, ამ დროს მოსულა ამ გლეხის ბატონის კაცები, ქალი წაუყვანიათ და ბატონისათვის მიუყვანიათ. გაუხარდა ბატონს და დაისვა ხარჭად – მთელი დღე ამუშავებდა საწყალ ქალს, მერე კი მთელი ღამე მასთან ნებივრობდა. არადა ეს ქალი „გულში“ კაცი იყო მარა რა ექნა?! აქეთ მუშაობას უძლებდა და იქეთ გამძღარ/ნაქეიფარი ბატონის „შემოტევას“. ასე და ამგვარად მუშაობით წელმოწყვეტილ ქალად ქცეულ გლეხს ბატონმა ოთხი „ბაღანა გააკეთებია“.
.
მეოთხე ბაღნის გაკეთების მერე ქალად ქცეულმა გლეხმა გაცევა მოახერხა, ტბასთან მივარდა დაყვინთა და გლეხკაცად გახდომა ინატრა, ამოყვინთა მარა რა ამოყვინთა?! დიდებულ ფაშატად გადაქცეულიყო. „გადეირია“ და ატეხა ჭიხვინი, მოვიდა ისევ მისი ბატონის კაცები დეიჭირეს ეს ფაშატი და ბატონსვე მიჰგვარეს. გაუხარდა ბატონს – „ჩემი ქალის დაკარგვის მერე რამე თუ გამახარებდა აღარ მეგონაო“. ჰოოდა შეაჯდა ბატონი ამ ფაშატ ცხენს, დაუწყო ჭენება და მათრახის ცემა. მერე იფიქრა ამას კაი კვიცები ეყოლებაო და მოაყვანინა ულაყი ცხენი. ასე და ამგვარად ოთხი კვიცი „გააკეთა“ ფაშატად ქცეულმა საწყალმა გლეხმა. გულში კაცი იყო მარა რა ექნა?! უკვე ფაშატ ცხენად იყო ქცეული და გაჭირვებით უძლებდა აქეთ ბატონის მათრახს და იქეთ დორბლმომდგარი ულაყის შემოტევას.
.
როგორც იქნა გაიქცა ფაშატად ქცეული გლეხი მივარდა ოცნების ტბასთან დაყვინთა და ისევ გლეხკაცად გახდომა ინატრა, ამოყვინთა მარა რა ამოყვინთა?! დიდებული ძუ მწევრად გადაქცეულიყო. ატეხა ყეფა და წკმუტუნი გაჭირვებულმა, მოვიდა ისევ იმავე ბატონის კაცები დაიჭირეს და ბატონს მიჰგვარეს. გაუხარდა ბატონს – „ჩემი ქალის და ფაშატის დაკარგვის მერე რამე თუ გამახარებდა აღარ მეგონაო!“ არბენია ამ ბატონმა მწევარი ტყეში, აბრძოლა ტურასთან და მგელთან, ამ ბრძოლაში დაეფლითა ყურები და კუდი გაჭირვებულს. მერე ბატონმა იფიქრა ამას კაი ლეკვები ეყოლებაო და მოუყვანეს კაი დიდი ქოფაკი და ასე და ამგვარა აკეთებიეს ლეკვები. გულში კაცი კი იყო აი მწევარი მარა რა ექნა?! სხვაი საშველი არ იყო და უძლებდა გაჭირვებული აქეთ ბატონის ხუშტურს, იქეთ კი ტურა-მგელისა და ქოფაკის შემოტევას.
.
მეოთხე „ლეკვობის“ მერე მოახერხა გაჭირვებულმა გაქცევა, მივარდა ტბასთან ჩაყვინთა და ისევ გლეხკაცად გახდომა ინატრა, ამჯერად აუხდა ნატვრა და მართლაც იგივე გლეხკაცი გახდა, ოღონდ ასაკში შესული, მოტეხილი და გაჭაღარავებული. წავიდა სახლში მაგრამ ნათესავებმა ვეღარ იცნეს, რომ თქვა მისი სახელი არ დაუჯერეს – მაი კაი ხანია „კტარიაო“ უთხრეს. რა ექნა გაჭირვებულ გლეხს, იფიქრა ქალადაც ვარ ნამყოფი, ფაშატადაც და ძუკნადაც, ქვეყნის შვილები მყავს ზოგი ბაღნებად, ზოგი კვიცებად და ზოგიც კიდო ლეკვებადო, წავალ და ვნახავ ყველას გულს მაინც გადავაყოლებ „სიკტილის“ წინო.
.
მივიდა ბატონის სახლთან და დაინახა მისი პირველი ბაღანა კაი ჩოხაში გამოწყობილი და თოფიარაღ ასხმული, შემჯდარიყო მის პირველ კვიცზე და მოაჭენებდა, უკან კი მისი პირველი ლეკვი მოსდევდა. გლეხმა იფიქრა ახლოს მივალ კარგად, რომ შევხედოო, ახლოს რომ მივიდა მისივე ბაღანამ – გზა მომეციო! უყვირა და მათრახი გადაუჭირა თავზე, მერე მისმა კვიცმა წიხლი ჩაარტყა მუცელში და უკვე წაქცეულს კი მისმა ლეკვმა ფეხზე უკბინა.
.
დაჯდა გაჭირვებული გლეხი, დაიწყო ტირილი და მოთქმა – რომელი მყვინთავი მე ვიყავიო! ან რა ჯანდაბა ოცნების ტბა ყოფილა ოქრო ვერცხლის გარდა რაც ვინატრე ყველაფერი უკუღმა ამისრულაო! – ან რომც მეეცა „მაი“ ოქრო რა თავში ვიხლიდი მაინც ბატონის მონა ვიყავიო! – ჩემი შვილები რაფერ მიცნობდნენ, ხან ქალი ვიყავი, ხან ცხენი და ხან კიდო ძაღლიო! – ბატონის ყანის თოხნას და მუშაობას ვინ მიშლიდა, მაგიზა კიდო ბაღნები, კვიცები და ლეკვები რომ არ მეკეთებიაო! – ამდენ „აბდლურ“ ოცნებას არ ჯობდა ერთი ქოფაჩე თოფი მენატრა და მაი ბატონი მიმესიკტილებიაო! ასე და ამგვარად მოსთქვამდა საწყალი გლეხი მისი სვეუბედური სიცოცხლის დასასრულამდე.
.
P.S. ეს ზღაპარი ბავშვობაში მქონდა მოსმენილი, შემდეგ დაახლოებით ამავე შინაარსით ალექსანდრე ღლონტის მიერ გურიაში შეგროვებულ ფოლკლორულ მასალაშიც ვნახე, თუმცა ზემოხსენებულის ძირითადი არსი ჩემი ბავშობიდანაა.
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share