ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კვლავ აცხადებს, რომ სებ-ში “არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს”. ეს განცხადება მან პალიტრანიუსის გადაცემაში “თავისუფალ სტუდია” გააკეთა.
თურნავას თქმით, სამი ვიცეპრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა “მძიმე ფაქტი იყო”, თუმცა ის ამბობს, რომ “ზოგი წავა, ზოგი მოვა, მთლიანობაში კი ეროვნულ ბანკს ძალიან კომპეტენტური გუნდი ჰყავს”.
“რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და ქვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ემუშავა, საჭირო იყო 5 და ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ თავისი გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედითუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო.
რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას – მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს. მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს“, – განაცხადა თურნავამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი – მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება “კონსტიტუციის შესატყვისი” იყო.
ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.