ტყე სიდედრისთვის? – აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის ზამთრის რეზიდენციის მიმდებარედ ახალი ტერიტორია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიდედრის სახელზე გადაფორმდა.
ბაკურიანის ტყეს აქ უკვე ახალი სახელი აქვს – “პრემიერის ასახვევი”. “შაბათის ეთერმა” ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრი ბაკურიანის ტყის პირას ახალი ტერიტორიების მფლობელი გახდა.
მაია პაპიაშვილის სახელზე 930 კვადრატული მეტრი მიწა 2023 წლის 10 ივლისს გადაფორმდა. სიძე და სიდედრი ახლა უკვე ერთმანეთს ბაკურიანის ტყით დაუკავშირდებიან, რომელიც პრემიერის ცოლს ნახევარი საუკუნით გადაეცა. კანონის თანახმად წესით ამ ტყეში ნუნუ თამაზაშვილს ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო, ბილიკები გაეყვანა და საზოგადოებრივი ზონა უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა ამ პერიმეტრზე შეიარაღებული პირები პატრულირებენ, რომლებიც შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს ტყიდან აძევებენ და უყვირიან.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ბაკურიანის ტყის კიდევ ერთი ნაწილი ახლა საფრთხეშია, საუბარია დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არ არის აყვანილი, ანუ პატრონი არ ჰყავს. ამ გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს პრემიერის რეზიდენცია და მისი სიდედრის ტერიტორია. სავარაუდოდ, ახლა ბაკურიანის ტყის კიდევ ერთი ნაწილის ხელში ჩაგდების ოპერაციას უნდა ველოდოთ, რადგან მთელს ამ პერიმეტრზე შეიარაღებული პირები პატრულირებენ.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება – ნუნუ თამაზაშვილის ტყის უკან, 3500 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა. იგივე მიწა ესაზღვრება, პრემიერის სიდედრის ახლად შეძენილ ნაკვეთსაც. ეს ტერიტორია წინა მფლობელს სასამართლოს განჩინებით ჩამოართვეს და ახლა სახელმწიფოს ბალანსზეა. კოხტას მწვერვალისკენ ღარიბაშვილს და მის სიდედრს დამოუკიდებელი გასასვლელი რომ ჰქონდეთ, ამ მიწის ნაკვეთის გადაფორმებაა საჭირო.
როგორ აღმოჩნდა პრემიერის სიდედრის ხელში 930 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბაკურიანში?!
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ მაია პაპიაშვილმა მიწა ბაკურიანის ტყის პირას ყოველგვარი სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით კერძო მფლობელისგან შეიძინა.
დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა.
ოფიციალური დოკუმენტებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობამდე მთავრობის მეთაურის სიდედრი თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, 53 და 29 კვადრატულ ფართს ფლობდა.
ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სახლში მაია პაპიაშვილი და თამაზ თამაზაშვილი დიდი ხანია აღარ უნახავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრემიერის სიდედრის საცხოვრებელი დიდი ხანია დაკეტილია.
2018 წელს, მაია პაპიაშვილის სახელზე “აკადემ ქალაქში”, ალექსიძის ქუჩაზე ამ ახლად აშენებულ კორპუსში ჯამში 440 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი გადაფორმდა. ახლა ამ ბინაში მისი ვაჟი ცხოვრობს. ეს ქონებაც სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით არის შეძენილი.
პრემიერის სიდედრს “შაბათის ეთერმა” კითხა, რა სახსრებით შეიძინა ნაკვეთი ბაკურიანის ტყის პირას. მაია პაპიაშვილმა კითხვებს თავი აარიდა.
“შაბათის ეთერის” ინტერესის საგანია გავარკვიოთ ხომ არ არის ამ მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელი პრემიერ-მინისტრი და მიწა ფიქტიურად სიდედრის სახელზე გადააფორმა?!
როგორ ყიდულობენ მიწებს ადამიანები, რომელთა ერთადერთი ოფიციალური შემოსავალი, სახელმწიფოს მიერ მიცემული პენსიაა? – “ტვ პირველმა” შეკითხვა პრემიერ ღარიბაშვილს დაუსვა, თუმცა სიდედრის მსგავსად სიძეც გარბის.
“შაბათის ეთერმა” კითხვით, რა სახსრებით შეიძინეს ქონება, პრემიერის ცოლის ძმასაც მიმართა. ლექსო თამაზაშვილი 2012-2016 წლებში “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო. ამ პერიოდში მის სახელზე არანაირი ბიზნესი არ ყოფილა. ლექსო თამაზაშვილის ბიზნესიმპერიის აღზევება ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის შემდეგ დაიწყო.
ლექსო თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ ქონება დედას თვითონ უყიდა.
მას შემდეგ პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმამ, ბაკურიანში, ტყის პირას მიწის ნაკვეთის ყიდვა საკუთარ თავზე აიღო. ჩნდება კითხვა, რა სახსრებით შეიძინა ლექსო თამაზაშვილმა ქონება?!
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ალექსანდრე თამაზაშვილი კომპანია “ვაინ კახეთის” 25%-იანი წილის მფლობელია.
ფინანსური ანგარიშგებების გვერდზე, კომპანიის შემოსავლების ბოლო დოკუმენტაცია 2021 წლით თარიღდება. მონაცემების მიხედვით, “ვაინ კახეთი” დიდ წაგებაზეა. ფინანსურ ანგარიშგებაში მოგების გადასახადის გრაფა ცარიელია – ჩნდება კითხვა, საიდან იშოვა ქონების შესაძენად თითქმის ნახევარი მილიონი თამაზაშვილმა?!
პრემიერ-მინისტრის ცოლის მშობლების სახელზე არანაირი ბიზნესი იძებნება. ოფიციალური მონაცემებით თამაზ თამაზაშვილის და მაია პაპიაშვილის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. პირველი ლედის ძმა კი რომელიც ამტკიცებს, რომ ბაკურიანის ტყის პირას, პრემიერის სიდედრის სახელზე გაფორმებულ მიწაში თითქმის 400 ათასი გადახადა იმ კომპანიის მეწილეა, რომელმაც როგორც დოკუმენტებში წერს დიდი ზარალი ნახა.