დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმი “გამარჯვების” დღეს ზეიმობს. სოხუმში, 1992-1993 წლების მოვლენებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, “სამხედრო აღლუმი” გაიმართა.
“სადღესასწაულო მსვლელობა” ომის მონაწილეებმა, გუმისთასა და აღმოსავლეთის ფრონტის ყოფილმა მებრძოლებმა და მეთაურებმა გახსნეს.
მოედანზე “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა” და გამოფინეს და “ჰიმნი” შეასრულეს. “აღლუმის” მონაწილეებს ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიმართა და დაპირებები გასცა:
„ჩვენ აღვადგენთ ქალაქებსა და კურორტებს, გავაგრძელებთ გზების და კომუნიკაციების მშენებლობას, აღვადგენთ და გავხსნით საჰაერო და საზღვაო პორტებს საერთაშორისო მიმოსვლისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი და ჩვენი შვილების ღირსეული ცხოვრებისთვის. ისტორიული სიმართლე აფხაზეთის მხარეზეა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს გზაზე არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე“, – თქვა რუსეთის მარიონეტმა ბჟანიამ.
ილაპარაკა იმ “ზიანზე”, რომელიც მისივე მტკიცებით, ქართველებმა აფხაზებს მიაყენეს:
“როდესაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები შეიჭრნენ აფხაზეთის რესპუბლიკაში, საქართველოს ხელმძღვანელობამ ფიზიკური ზიანი მიაყენა მთელ აფხაზ ხალხს….ომიდან 30 წლის შემდეგ საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის არავინ დასჯილა” თქვა ბჟანიამ.
მარიონეტმა მადლობა გადაუხადა “აფხაზეთის გვერდში დგომისთვის” რუსეთს და მოხალისეებს ჩრდილო კავკასიიდან.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.