ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიპოვით, თუ იმაზე დავიწყებთ მსჯელობას, რა უფრო სამართლიანია – დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ებრაელებისა იყოს თუ არაბების. ამის აბსოლუტური კრიტერიუმი, სამწუხაროდ, არ არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის შექმნის გადაწყვეტილება ძალიან საკამათო იყო, მაგრამ ამ ტერიტორიის სტატუსის ნებისმიერი სხვა განსაზღვრაც საკამათო იქნებოდა. იმპერიები თავის შემდეგ „სამართლიან საზღვრებს“ არ ტოვებენ. ფაქტი ისაა, რომ ისრაელმა გაეროს გადაწყვეტილება ტერიტორიის გაყოფაზე მიიღო, არაბებმა კი – არა. თანამედროვე ერები „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას რომ ცდილობდნენ, ომებს დასასრული არ ექნებოდა.
ძირითადი, რაც მხარეებს ერთმანეთისგან არსებითად განასხვავებს, მათი გამოყენებული მეთოდებია. შემხვდა პოსტები იმაზე, რომ დაღუპული პალესტინელი ბავშვები არანაკლებ უნდა შეგვეცოდოს, ვიდრე დაღუპული ებრაელი ბავშვები. ეს სადავო არაა, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული მორალიზმი მიზანს აცდენილია.
მთავარია, ვისი რეალური ქმედებების გამოა, რომ ბავშვები ორივე მხარეს იხოცებიან. ცხადია, ისრაელის საზოგადოებას თავისი ბავშვები სასიკვდილოდ არ ემეტება; მაგრამ ის ასევე ცდილობს, არაბ მოსახლეობაშიც მაქსიმალურად თავიდან აიცილოს ქალების და ბავშვების მსხვერპლი. ამისკენ, ჰუმანურობის გარდა, წმინდა პრაგმატული მიზეზი უბიძგებს: მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ჯარზე და სპეცსამსახურებზე, არამედ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერაზე – რომელსაც დაკარგავს, თუ განურჩევლად ყველას ხოცვას დაიწყებს. ამიტომ, თუმცა ხანდახან ყუმბარა ქალსაც მოკლავს და ბავშვსაც, ისრაელის ინტერესებში ეს არ შედის. ეს ფაქტორი რომ არა, ღაზას სექტორი აქამდე მართლა „დადუღებული“ იქნებოდა – საამისო სამხედრო რესურსი ისრაელს აქვს.
ჰამასს კი არა მხოლოდ ებრაელი, არამედ საკუთარი ბავშვებიც არ ეცოდება; ებრაელი ბავშვების მოკვლით მტერს ამწარებს, ხოლო ისრაელის ბომბი თუ არაბ ბავშვს მოხვდა, საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისრაელის ხელისუფლება ყველაფერს სამართლიანად აკეთებს და მისი კრიტიკა არ შეიძლება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მისი და ჰამასის ერთ დონეზე დაყენება მორალური სიბრმავეა.