„ტურიზმის პოტენციალი გურიაში“ – ბახვი ჰესის მორიგი სემინარი ახალგაზრდებისთვის
ბახვი ჰესის ეგიდით მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივმა ბიზნესმენმა, გამოცდილება გაუზიარა
2023 წლის 25 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული კოდევ ერთი სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლას ადგილობრივი მეწარმე, ქრისტინე გურიელიძე ეწვია. ქრისტინე გურიელიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ბახმაროში ბიზნესის დაწყებას ხელმძღვანელობდა და მიზანსაც წარმატებით მიაღწია. ის powderproject-ის მენეჯერია. პროექტი საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ტურისტებს ბახმაროს გაუკვალავ თოვლში სრიალის მომსახურებას სთავაზობს. ქრისტინე გურიელიძე უკვე 4 წელია ბახმაროში ამ ტურისტულ ბიზნესს წარმატებით მართავს.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, რა გამოწვევები ახლავს თან რეგიონში ბიზნესის დაწყებას, რა არის მათი დაძლევის გზები და რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად. ამასთან, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ტურიზმი, როგორც პრიორიტეტული სექტორი გურიაში; ვიზიტორების მოზიდვის ხერხები; დასაქმების შესაძლებლობები და სხვა.
„ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წამოვედი. ბავშვები ძალიან ჩართულები იყვნენ ლექციის მიმდინარეობაში, დასვეს ბევრი შეკითხვა თემის ირგვლივ და ბევრი მათგანი დაინტერესდა სათავგადასავლო ტურიზმით. არ ველოდი, თუ ასეთი დაინტერესება და ჩართულობა იქნებოდა“,- განაცხადა powderProject-ის მენეჯერმა, ქრისტინე გურიელიძემ.
სემინარი მთისპირის სკოლის უფროსკლასელებისთვის, კერძოდ, 8,9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად რეგიონში ბიზნესის დაწყების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას ისახავდა.
ქრისტინე გურიელიძე ამავდროულად, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს წევრია, საბჭოს დაარსების დღიდან. ტრენინგებისა და სემინარების პროექტი, რომელიც ბახვი ჰესის ორგანიზებით ხორციელდება მთისპირისა და ჩხაკაუარას საჯარო სკოლებში, კომპანიის სოციალური პროგრამის ნაწილია და ის, კომპანიის სოციალური პროექტების განხორციელებაში, მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართულობას ემსახურება.