აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხება და მამამისის შესახებ წერს:
“ბოლო დღეები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე დანაწიბურებული ჭრილობები შემიხსნეს და სისხლისგან ხელახლა ვიცლები… რაც ახლა უკრაინის თავს ხდება, ამ მონსტრთან მარტოდ დარჩენილებმა გამოვიარეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისის ქუჩები, 2008 წლის აგვისტო…
ჩვენი სიმართლე ამდენი წლის მერე გახდა თვალსაჩინო. ამასობაში კი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბრძოლამ.
მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან. მე და ჩემს ძმას დაგვიბარა თუ მოვკვდი, საგვარეულო სასაფლაოზე, სოფელ გუდავაში, მდინარის პირას ცაცხვის ხის ჩრდილში დამასაფლავეთო. სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა მამაკაცი ცხარე ცრემლით ტიროდა ორ მცირეწლოვან შვილთან. მოთქვამდა რომ ვერ დაგვიცვა, ვერ გვიქმნიდა სწავლისთვის საუკეთესო პირობებს, მშობლებს რამე რომ მოსვლოდათ მათი დასაკრძალი ფინანსური რესურსის სხვისთვის თხოვნა მოუწევდა. სახეზე დარდა რომ არ შეიტყობა ისეთი მამაკაცი ცრემლებით ტიროდა.
მამა საკუთარ უმწეობას რომ ტიროდა ამ დროს დემოკრატიულ ბიუროკრატიებს მშვიდად ეძინათ…
ახლა ხომ ყველამ იცის სიმართლე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსული დიქტატურა კლავს…
სანამ ყველა არ მიხვდება, რაც არ უნდა შორს იყოს ტერიტორიულად უსამართლობა, ერთ დღეს შენამდე მობობღდება თუ არ იბრძოლე და სათანადოდ არ შეაფასე”, – წერს გეგეჭკორი.