დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“

„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ავტორი ნუგზარ ასათიანი

დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა:

_ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს „ბახმაროს“ ამზადებდა. შემდეგ მემამულეთა კავშირის კონსულტანტი ვიყავი. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე დავინტერესდი მიკრო ჰესებით. 1997-1998 წლებში მსოფლიო ბანკის დახმარებით დავიწყე ჩემი ჩანაფიქრის რეალიზაცია. მევენეხეობაც მიყვარს და ასე გავხდი სოფელ ბახვში „ჩხავერის“ მეურნეობის მენეჯერი.

_თქვენ შემდეგ საყვარელ საქმეს მოწყდით და დედაქალაქში გადახვედით…

_2008 წელს იმჟამინდელმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გიორგი არველაძემ თავის მრჩევლად დამნიშნა. შემდეგ არატრადიცული ენერგეტიკის ხელშეწყობისა და განვითარების სამმართველოში გადამიყვანეს. ორი წელი ვიმუშავე ამ სამმართველოში განახლებადი ენერგიის: მზე, ქარი, წყლის ენერგიის თემებზე, თუმცა,ვხედავდი, რომ ჩემი იდეები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა და მშობლიურ სოფელ ბახვში დავბრუნდი.

განახლებად ენერგია ახსენეთ.რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება ქვეყნისათვის?

_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, 90-იან წლებში 5 კილოვატამდე სიმძლავრის მიკროჰესებს ვამზადებდი. 50-მდე ასეთი ჰესი მაქვს დადგმული აჭარა-გურიის რეგიონში. ასევე დაინტერესებული ვიყავი განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი წყარო _ბიოგაზით.

ქვეყნის განვითარების პირველი საწყისი არის ელექტროენერგია. რადგან ენერგეტიკული განვითარება არის საწყისი წარმოების განვითარების.

ოღონდ მომხრე არ ვარ დიდი ჰესების მშენებლობის, რომლებიც დიდი ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად იძლევა მდინარის კალაპოტი საშუალებას, აშენდეს ჰესი. ვფიქრობ, კომპანია „ბახვი ჰესი“, რომელიც მდინარე ბახვისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს ახორციელებს,  მაგალითია იმისა, თუ როგორი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჰესების მშენებლობას. ჩატარებული კვლევები, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია, რომელიც კომპანიამ დაამყარა ამ წლების განმავლობაში პროექტით დაინტერესებულ პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, უდაოდ სამაგალითოა. ვისურვებდი, რომ სხვა პროექტების განმახორციელებელი კომპანიებიც ამ მოდელით მუშაობდნენ. ამ შემთხვევაში, ხომ თავიდან ავიცილებდით ამდენ გაუგებრობას და შეჩერებულ პროექტს.

მოდი, ვისაუბროთ, როგორ დაიწყეთ ჩაის წარმოება, როგორ განავითარეთ იგი…

_ 90-იან წლებში, როცა სახლში დასალევი ჩაი გაგვითავდა, ჩაის ფაბრიკები, ფაქტობრივად, თითქმის აღარ არსებობდა გადავწყვიტე, ჩაის წარმოება დამეწყო. ჩემი პროფესია გამომადგა,ჩაის საგრეხი როლერი დავამზადე და პატარა მდინარეზე ჩემს მიერ აგებული მცირე ჰესის საშუალებით ავამუშავე. ჩაის ძირითადად  ჩემს ფართობში ვკრეფდი. ასევე ვიყენედი მიტოვებულ ფართობებს. ეს მცირე წარმოება იყო. ბანკისაგან ავიღე 28 %-იანი სესხი და ჩემი და ჩემი მეზობლების 7 ჰექტარი ჩაის ფართობის აღდგენა გადავწყვიტე.

რაც მთავარია, თითქმის მეოთხედი საუკუნეა ბიოფერმერი ვარ, „ელკანას“პირველი წევრი რეგიონში. მე ამ იდეისთვის არ მიღალატია და დღესაც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვაწარმოებ.

მე ჩაის ძველი ინდური მეთოდით ვამზადებდი. ჩინეთში ყოფნისას ვნახე უძველესი ჩაის საგრეხები. მაღალი ხარისხის ჩაის გემო რომ გავსინჯე, ის ემოცია დღესაც მახსოვს. მაშინ ვთქვი, ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად.

ჩაის კულტურა წელიწადში რამდენჯერმე გვაძლევს მოსავალს. ხელით კრეფის დროს, როცა კვირტი არის იმ მდგომარეობაში, კვლავ წარმოქმნას ახალი ფოთოლი, ჩაის ვეგტაცია 10-12-ჯერ არის შესაძლებელი.

მეორე მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ ჩაი დაავადებების და მავნებლების წინაშეც ძალიან მედეგი აღმოჩნდა. ამან ჩემთვის 30-წლიანი დაკვირვების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა და დავიწყე უფრო ღრმად ტექნოლოგიურ პროცესებში ჩახედვა, რაშიც ცნობილ მეცნიერებთან თანამშრომლობაც დამეხმარა.

ბიზნესმენ შოთა ბითაძესთან ვთანამშრომლობ, რომელსაც ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქვს საკუთარი ჩაის მაღაზია, ჩაის პატარა მუზეუმით. იგი წარმომავლობის აღნიშვნით აფასოებს და ჰყიდის ჩემს პროდუქციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჩაის ნედლეული არ არის გარემოს ზემოქმედებიდან დანაგვიანებული და დაბინძურებული, პარაზიტებით დაავადებული. ეს საშუალებას გვაძლევს რომ მეტად დავხვეწოთ ჩაის დამზადების ტექნოლოგია. ქართული ჩაი მსოფლიოს საუკეთესო ჩაის ათეულში აუცილებლად მოხვდება.

_ თქვენ წინა კვირაში, ანასეულში მეჩაიეთა შეხვედრა-სემინარში მონაწილეობდით, სადაც წარმოადგინეს მწვანე ჩაის წარმოების ახალი სამანაქანო ტექნოლოგია, რომელიც ენერგოდამზოგავი დანადგარის ბაზაზეა შექმნილი. თქვენი აზრი გვაინტერესებს ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით?

_ მწვანე ჩაის შემთხვევაში გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ქართული ჩაის მოხალვის ტექნოლოგია არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ძალიან არომატულ ნაზ გემოვნებას ავლენს.

შავი ჩაის შემთხვევაში, ჩვენივე შექმნილმა ცილინდრულმა საშრობ-დანადგარმა აჩვენა საუკეთესო შედეგი.

რა არის აქ განსაკუთრებული? ჩაის ფოთოლი იღებს სპირალურ ფორმას. ტრანსპორტაბელურია და არ იმტვრევა, არა მოცულობადია.

„აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ მიღებული მაქვს ჩინური საფერმეტაციო დანადგარი, საგრეხი და ასევე კოშტების დამშლელი დანადგარი.

ასევე გვაქვს კორეული კარაბის ტიპის საშრობი, რომელიც გაზზე მუშაობს, რომლითაც ჩაის კრეფის სეზონზე შეგვიძლია მაღალი და უმაღლესი ხარისხის ჩაის შრობა, ხოლო შემდეგ აქ ვაშრობთ ხილს, ციტრუსს,კივს, ფეიხოას, ხურმა-კარალიოკს.

გვაქვს სხვა სიახლეებიც. ჩაის თესლიდან ვამზადებთ ჩაის ზეთს, რომელსაც 99%-იანი ცხიმიანობა აქვს და გამოიყენება პარფიუმერიაში და სამედიცინო მასაჟში.

ჩაის თესლისგან მიღებული ზეთი ანტისეპტიკურია და მისი დამზადების 4-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

ვამზადებთ და ვაშრობთ ჩაის ყვავილს, რომელიც ასევე ძვირადღირებულია თავისი განსაკუთრებული თვისებებით. იგი იქნება შავი და მწვანე ჩაის დანამატი, რომელიც გაამდიდრებს მათ ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით.

თეთრი ჩაი თავისი თვისებებით უნიკალურია და განსაკუთრებული ქლოროფილის ( მცენარეული „ჰემოგლობინი“) შემადგენლობაა ამ ჩაიში.ჩვენ ამ სახის ჩაისაც ვაწარმოებთ…

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ანასეულელი მეცნიერების გარჯა,ყველაფერის დამზადება შეიძლება აქ, მაგრამ ძალიან დიდი დრო სჭირდება შეკვეთის შესრულებას.

_ახლა რა ეტაპზეა თქვენი ჩაის წარმოება?

_ წლების მანძილზე ჩაისთან ერთად გამომყავდა ნერგები, მქონდა სათბური, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვაწარმოებდი. წლიურად 15-20 ათასი კივის ნერგი გამომყავდა… ახლა ჩემი წარმოების გაფართოებაში ჩემი ვაჟი ჩაერთო. მან აწარმოე საქართველოს ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობა სოფლად“ პროექტი მოიგო, რომელიც წარმოების შენობის აგების თანადაფინანსებას ითვალისწინებდა. მათ პროექტის ღირებულების 45 პროცენტი დაგვიფინანსეს. ავაგეთ 2-სართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართი 400 კვადრატული მეტრია.

შემდეგ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაკეთდა 960 მეტრი ასფალტირებული გზა წარმოებამდე.

სეზონზე ჩვენს წარმოებაში 35 ადამიანია დასაქმებული.

_ რა ძირითად მიმართულებას აძლევთ უპირატესობას?

ჩემი ძირითადი ინტერესი ტურისტული მიმართულების განვითარებაა. ჩვენთან ტურისტები მოდიან გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. თუ როგორ მოსწონთ აქაური სივრცე, ამაზე ის მეტყველებს, რომ ტურისტული ჯგუფები განმეორებით, 3-4-ჯერ მოდიან.

შრომაში ოჯახი მიდგას მხარში და ვზრუნავთ ტურისტებს ჩაის გარდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გავუმასპინძლდეთ. გვყავს „ჯესრის“ და „შვიცის“ ჯიშის მერძეული საქონელი, ფრინველები. გვაქვს მცირე სათევზე მეურნეობა…

სწორედ ტურისტების დადებითმა ემოციამ განაპირობა „ჩაის გზის“ არსებობაც. ტურიზმის დეპარატამენტს წარვუდგინეთ ეს ინიციატივა და გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩა ლოკაციები. ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამა და კომპანია „ბახვი ჰესი“. მათი ერთობლივი დაფინანსებით მოხდა როგორც ლოკაციების შერჩევა, ასევე სამოსახლოების მფლობელების დატრენინგება სტუმარ – მასპინძლობის მიმართულებით. პერიოდულად ეწყობა გამოფენები, სადაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას. ამ გამოფენების ფარგლებში დიდი აუდიტორია ეცნობა ჩვენს პროდუქციას და გვაქვს საშუალება გამოფენა – გაყიდვის ფარგლებში, პროდუქციის რეალიზაცია მოვახდინოთ.

_რას ითვალისწინებდა აღნიშნული კრიტერიუმები?

აუცილებელი იყო, ჩაის გადამამუშავებელ საწარმოსთან ყოფილიყო ჩაის პლანტაცია, საწარმოს უნდა ჰქონოდა სადეგუსტაციო სივრცე. მინიმუმ უნდა დაემზადებინა 2 სახეობის ჩაის (შავი და მწვანე) პროდუქცია.

პირველი „ჩაის ფესტივალი“ 2018 წელს გაიმართა,  რამაც სპეციალისტების, ტურისტების მოწონება დაიმსახურა. ახლა კომპანია „ბახვი ჰესი“ გვიდგას მხარში და ვფიქრობ, „ჩაის ფესტივალი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება იქნება რეგიონში.

როგორ მიმდინარეობს ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები?

ჩემი მონაწილეობით უკვე აღდგა  200 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. აქედან მაღალ ეწერში 25 ჰექტარი, ნაგომარში 60 ჰექტარი.

წარმოშობით სოფელ ქვედა ბახველები არიან ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმებები, ძმები ვანო და სერგო ნაკაიძეები. მათ სოფელში წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი ააგეს. მე აქ საკვირაო სკოლაში ბავშვებს სამეურნეო საქმეს ვასწავლი. მე ნაკაიძეებს შევთავაზე მონაწილეობა მიეღოთ განადგურების პირას მისული ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციაში. მათ ლაითურ-ნარუჯაში 100 ჰექტარი ჩაის გავერანებული პლანტაცია შეიძინეს. უკვე აღვადგინეთ 45  ჰექტარი ფართობი. ძირითადად ეს იქნება ჩაის ბიომეურნეობა თავისი წარმოებით. დაწყებულია და გაშენდება სხვა კულტურებიც: პავლონია, დაფნა, სტევია…

ჩაი არის სოციალური პროექტი-კულტურა.. ასში გული უნდა ჩადო, რომ კარგი შედეგი მიიღო.

 

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share