გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგების ფრაგმენტი თქმული გურიაში სოფელ ბახვის ეკლესიის კურთხევაზედ (1867 წელს)

ათასი წელიწადი მეტია, რაც ეს ქვეყანა მოინათლა, მაგრამ ქრისტიანობა ჯერეც
არ არის აქ დამყარებული. მართალია პირჯვრის დაწერა კი ვიცით, საყდარში კი დავდივართ, მაგრამ ქრისტიანობა არ არის ჩვენში. ფიცხელია ეს სიტყვა, მაგრამ როდესაც დაუკვირდებით საზოგადოდ აქაურსა ზნეობითსა მდგომარეობასა, როდესაც ვიფიქრებთ ერთი მხრით, როგორ უნდა იქცეოდეს
ჭეშმარიტი ქრისტიანე და მეორე მხრით ვნახავთ, რა სახით ცხოვრობენ აქაურნი ქრისტიანენი, მაშინ თითქმის არ იქმნება ეს ნამეტანი სიტყვა.
.
რით გაირჩევა ჭეშმარიტი ქრიატიანული საზოგადოება სხვათა ურწმუნოთა საზოგადოებათაგან? უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უბრძანა მოწაფეთა თვისთა: ამით სცნან ყოველთა, რამეთუ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთ-არს. აჰა, ქრისტიანობის ნიშანი! რომელს ქვეყანაშიც, ანუ სოფელშიც არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა, იქ უნდა იყოს სიყვარული, ერთობა, ერთგულება, გარნა ნაცვლად ამისა აქ ჩვენ ყველგან ვხედავთ შურსა, სიძულილსა, განხეთქილებასა და შფოთსა. თუმცა ყოველნი მონათლულნი ვართ, ჩვენ ყოველნი ქრისტიანედ უწოდებთ თავთა ჩვენთა, გარნა სული და ბეჭედი ქრისტიანობისა, ესე იგი, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა არ არის ჩვენში.
.
ამასთანავე ერთი საშინელი ცუდი თვისება გვაქვს ჩვენ, საკუთრად გურულებს. გურული კაცი არის საშინლად გულფიცხელი და მოუთმენელი და გულფიცხელობითა თვისითა მრავალგზის შთავარდება საშინელთა ცოდვათა შინა. რამდენჯერ მომხდარა ამ ჩვენს მცირე ქვეყანაში, რომელ ერთი უბრალო სიტყვის თქმისათვის კაცს კაცი მოეკლას.
.
ძმანო ჩემნო! რათგანაც ესრედ დაცემულია ამ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა და კეთილი ზნეობა, ახლა მაინც გავიღვიძოთ მადლითა და შემწეობითა ახლისა ამის ტაძრისათა,
და ვითარცა იგი იქმნა დღეს განახლებული, ეგრედცა ჩვენ
განვახლდეთ ზნეობითა.
.
ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო! ვითარცა ცხოველს-მყოფელმან მადლმან შენმან აკურთხა და განაახლა საყდარი ესე, ეგრედვე განაახლე ცხოვრებაცა ჩვენი მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა; ჰყავ, რათა დღეს იქმნეს დასაბამი მოქცევისა ჩვენისა, განახლებისა და სულიერისა წარმატებისა;
.
განსწმიდე ზნეობა ჩვენი უგვანი, რათა აღარა ვიქმნეთ ამიერითგან ბრმანი, ბოროტნი, ურთი-ერთისა დამჩაგვრელნი და მჭამელნი, არამედ შევიყვაროთ ერთობა, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი ჩვენი; დაამშვიდე და დაალბე ფიცხელი გული ჩვენი, და მოგვეც ჩვენ ნაცვლად მისა სიმდაბლე და შემუსვრილება გულისა, რათა ვიყვნეთ ჩვენ ამიერითგან ჭეშმარიტნი ქრისტიანენი საქმითა და არა მხოლოდ სიტყვითა.
წყარო – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა
თქმულნი 1860 – 1870 წლებში (1913 წელი)
გაბრიელ ეპისკოპოსი – გრავიურა ჟურნალიდან Нива, Иллюстрированный журнал литературы и современной 1896 #11
შეიძლება იყოს text that says 'преосвященный гаврилъ, епископъ имерети (十 25 января 1896 г.). съ фот. грав. шюблерь.' გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share