„არჩევნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და გვაქვს უფრო მეტი შანსი, რომ ოცნებამ ვერ გააყალბოს ეს არჩევნები,“ – ეს განცხადება თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
ბარბაქაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციების შესაძლებლობები უმცირდება, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში ყოფნა ურჩევია.
ბარბაქაძე ამბობს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობის ნაცვლად, კოალიციური ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას.
„ოცნება“ ახლა დგას რამდენიმე ცეცხლს შორის, ერთი, მას აქვს შესასრულებელი დავალებები, რუსეთის დავალებები და სრულ უფრო რთული ხდება ამ დავალებების შესრულება და უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და მეორე, ოცნებას მხარდაჭერა რუსეთისგან ვერ ექნება, იმიტომ, რომ მთავარი ბერკეტი, რაც აქამდე რუსეთს ჰქონდა, ეს იყო ძალისმიერი სამხედრო ბერკეტები, რომელსაც ვერ იყენებს უკრაინიდან გამომდინარე.
მაიდანის ექსპორტი, რევოლუციის ექსპორტი უკვე ღიმილისმომგვრელია, რადგან ვსაუბრობთ არჩევნებზე, გრძელვადიანი დამკვირვებლები აპირებენ ჩამოსვლას, მთავარი მოთხოვნაა, რომ კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ჩვენი ამოცანა შევიწროვდა – ამოცანაა, არ მივცეთ „ოცნებას“ გაყალბების საშუალება და გავერთიანდეთ, გასაგებია, ერთი სიით ვერ წარვდგებით, მაგრამ ჩვენი ძალისხმევები გავაერთიანოთ, რომ არ გავაყალბებინოთ ოცნებას,“ – ამბობს აკია ბარბაქაძე.