სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ le monde-სთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა“.
გია ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ადრეც ხედავდა და არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ მას “ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის კომპლექსი ჰქონდა.
“სალომე ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის აშკარა მხარდაჭერა. შესაბამისად, მას ამ ტვირთის ტარება უწევდა. პირველი წლების განმავლობაში მას ეს კომპლექსი ჰქონდა და ძალიან ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მასაც არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“. მან პირველ ეტაპზე გადალახა „ქართული ოცნების“ კომპლექსი, მაგრამ დარჩა გარკვეული ვალდებულებები ბიძიან ივანიშვილთან და ბოლო მომენტამდე, გუშინდლამდე ის ცდილობდა ვალდებულებების კორექცია მოეხდინა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაინახა, რომ სახელმწიფო ინტერესებთან კონფრონტაციულია ბიძინა ივანიშვილი, რომ ის აზიანებს სახელმწიფო ინტერესს და ის საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, დავით კეზერაშვილი რამდენიმე წლის წინ “ქართულ ოცნებას” გაურიგდა, თუმცა შემდეგ “რაღაც ვერ გაიყვეს” და მათ შორის კონფრონტაცია დაიწყო.
“თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ის გაასუფთავეს, ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. სასამართლო პროცესების მოგება საქართველოში როგორ ხდება? ახლა ისევ კონფრონტაცია დაიწყო, ისევ რაღაცაზე ვერ მორიგდნენ თორემ ძალიან მშვენივრად გაურიგდა რამდენიმე წლის წინ ამ ხელისუფლებას. არქივში ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ. საკუთარი ინტერესები რაღაც ეტაპზე დაალაგა. იყო ეტაპი, როდესაც დაალაგა და შემდეგ ისევ აერიათ, რაღაც ვერ გაიყვეს. ამიტომ ეს პროცესი დინამიკაში უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”