საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ამბობს, რომ ის რაც ახლა ადმინისტრაციაში ხდება, დეპოლარიზაციის მაგალითია, იმის, რასაც ევროპა საქართველოს სთხოვს.
”…თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის რასაც მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის. ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს ეკუთვნის სხვა წარსულს და აღარასოდეს დბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრათ და ელაპარაკათ”, – ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, ახლა, საქართველოს, ევროკომისიის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს წინ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა არ იქნება.
”ჩვენ დღეს ვართ აქ შეკრებილი ამ კამპანიის ფარგლებში “შენი ხმა ევროპას” და თქვენი ყველასი ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც, პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართული არის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი შანსია რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს არის შედეგი ყველას ერთობლივი ძალისხმევის, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით რომ 15 დეკემბერს არ თავდება არაფერი. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ჩვენ გავაგარძელოთ ამ გზაზე, იმისთვის რომ თქვენ მიიტანოთ ჩვენ მოსახლეობამდე ყველა მიმართულებით, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები. ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ ბევრად უფრო ვიდრე ჩვენ, ან მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკურ სპექტრს, რაც არის. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი წელი გვექნება გადამწყვეტი. კიდევ ერთხელ. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს ასოცირებული ტრიოდან უკრაინას და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკებები, რაც არის გზა პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე. მე მინდა აქაც ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა” – თქვა მან.