“პუტინმა ყველას უთხრა, რისი გაკეთებაც სურდა 15 წლის წინ [საქართველოში]… დასავლეთმა ამჯობინა, თავი მოეჩვენებინა თითქოს ეს მხოლოდ რიტორიკა იყო”, – ამის შესახებ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი, გარი კასპაროვი სოციალურ ქსელში წერს.
“პუტინმა ყველას უთხრა, რისი გაკეთებაც სურდა 15 წლის წინ, მაგრამ დასავლეთმა ამჯობინა, თავი მოეჩვენებინა, თითქოს ეს მხოლოდ რიტორიკა ან მეტაფორა იყო. 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შემოჭრის შემდეგაც კი, ნებით სიბრმავე”, – წერს კასპაროვი სოციალურ ქსელ X-ზე.
ამ განცხადებით კასპაროვი შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან დაწერა, რომ “არც გასაკვირია და არც ახალი, რომ პუტინს სურს, რომ უკრაინა და ბელარუსი რუსეთის სახელმწიფოში იყვნენ”.
“არც გასაკვირია და არც ახალი, მაგრამ მაინც ძალიან მკაფიო პოლიტიკის ხაზია პუტინისგან: უკრაინა და ბელარუსი უნდა იყვნენ რუსეთის სახელმწიფოში – მაგრამ რუსეთი უნდა იყოს, როგორც წამყვანი ერი. ძველი იმპერია უნდა აღდგეს. სხვა არაფერი. და მაშინ იმპერიის გარეთ მყოფი რუსი მოქალაქეებიც უნდა იყვნენ „რუსული სამყაროს“ ნაწილი.” – დაწერა ბილდტმა.