„აი, შენ დოლარი“ – რატომ არის მადლობელიც და გაბრაზებულიც ყვავილების გამყიდველი ბავშვის დედა

„ღმერთმა უშველოს!“

„კიდევ ბევრი მისცეს უფალმა!“

„რა კარგია, რომ ისევ შერჩა ხალხს სიკეთის კეთების უნარი“.

„ყოჩაღ, ამ ქალბატონს!“…

„რა მოგეწონათ ამ ვიდეოში?“

„ისურვებდით თქვენს შვილს ასეთ ვიდეოში?“

„სიკეთე ასე არ კეთდება!“

„სიკეთის კეთებასაც ცოდნა უნდა, არ უნდა დაგამციროს“.

აი, ეს და კიდევ ძალიან ბევრი მსგავსი კომენტარი, უფრო ზუსტად, ორ აზრად გაყოფილი კომენტარები მოჰყვა 28 ნოემბერს, სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ქალი 13 წლის ბიჭს, რომელიც გზაზე ყვავილებს ყიდის, ჯამში რამდენიმე ასეულ ლარს ჩუქნის.

ვიდეო ერთ წუთზე მეტხანს გრძელდება. ქალი მანქანის ფანჯრიდან რამდენჯერმე აწვდის ბიჭს ფულს, რაც ბავშვისთვის მოულოდნელია და ემოციისგან ტირილს იწყებს:

– კაია, აჰა, მოდი, კიდე. კაი არ იტირო, აჰა კიდე. რატო ტირი, მოდი ჩაგეხუტო. მოიცა, კიდე მოგცე. აი, შენ დოლარი, გინახია ეს? – ქალი მანქანის ფანჯრიდან აწვდის ბავშვს ამერიკულ დოლარს.

მოგვიანებით, ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბიჭის დედა, ლალი ბერინაშვილი და დაწერა:

„მე დედა ვარ გიორგის. უბრალოდ, მე არაფერი ვიცოდი და არ იყო საჭირო ამ ვიდეოს გამოქვეყნება და ჯერ ხომ უნდა იკითხონ“.

ლალი ბერინაშვილის ოჯახი რეგიონში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ლალის სამი შვილი ჰყავს. გიორგი უმცროსია. ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც 28 ნოემბერს გავრცელდა, რამდენიმე თვის წინ, აღდგომის დღეებშია გადაღებული. მისი შვილი, ისევე როგორც სხვა მისი თანასოფლელები და თავადაც, სადღესასწაულოდ, იქვე, სოფელში დაკრეფილ ყვავილებს ყიდიან:

„უღრმესი მადლობა ამ ქალს, რომ ამხელა სიკეთე გააკეთა, მაგრამ იმაზე გავბრაზდი, რომ ჩვენი, მშობლების ნებართვის გარეშე გავრცელდა ეს ვიდეო სოციალურ ქსელში. უფროსი გოგო მყავს, მეორე კურსელი, ძალიან განიცადა, ვიდეო რომ ნახა და შემდეგ ასეთი ამბავი ატყდა. კი, მადლობელი ვარ ამ ადამიანის, სიკეთე გამოიჩინა ასეთ დროს, როცა ყველას უჭირს, მაგრამ ვთვლი, რომ ასე და ამ ფორმით არ უნდა გაესაჯაროებინა“.

ლალი ბერინაშვილი ამბობს, რომ ქალი, რომელმაც მის შვილს ფული აჩუქა, მასთან შეხვედრას აპირებს:

„დღეს ყოფილა მოსული ჩვენთან სახლში, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე სამუშაოზე ვიყავით გასულები. რომ მოვა, მასაც ამას ვეტყვი, დიდი მადლობა იმ თანხისთვის, თავის დროზეც მინდოდა მისთვის მადლობის გადახდა, თუმცა, ვერ მივაკვლიე, მაგრამ არ იყო მიზანშეწონილი, ამხელა თანხის ბავშვისთვის მიცემა და მერე ამ ვიდეოს ასე გავრცელება. მე თვითონ მინახავს მსგავსი ვიდეოები და ბევრჯერ გამიზიარებია, მაგრამ ახლა, როცა პირადად შემეხო ეს პრობლემა, აღარც ვიცი, რა უნდა ვთქვა და როგორ გამოვხატო“.

სოციალურ ქსელებში გამოთქმულ ერთი მხრივ, კრიტიკასა და მეორე მხრივ, შექებასა და წახალისებას, გვიან ღამით გამოეხმაურა თავად ქალიც, რომელმაც 13 წლის ბიჭს თანხა აჩუქა:

„მოკლედ, მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს, ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია. დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს, რომ რთულია, გვერდი აუარო ამ ამბავს. ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის, როგორი ხასიათი მაქვს. არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს. მე მინდა ყველა უცნობს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის!“

„სიკეთით დამცირება“

„უხერხული – პირველ რიგში, ეს სიტყვა მადგება პირზე, ამ ვიდეოს ნახვისას“, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც წლებია ბავშვებთან მუშაობს და იცის, რა ტიპის ემოციური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ბიჭი, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ამბობს, რომ ვიდეოს შინაარსი და ფორმა არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების უფლებას და დაუფარავად, საჯაროდ აშიშვლებს მის ემოციებს, მის „შოკურ მდგომარეობას“.

„მე ვისურვებდი, რომ ეს ვიდეო საერთოდ გაქრეს სოციალური ქსელებიდან, რადგან ამან შესაძლოა, ხვალ და ზეგ ბავშვს პრობლემები შეუქმნას – გახდეს მაგალითად, ბულინგის მსხვერპლი, ნეგატიურად აისახოს მის თვითშეფასებაზე. ბავშვი შესაძლოა, დღეს მადლიერიც კი იყოს, მაგრამ არა ხვალ და ზეგ“.

„სიკეთით დამცირება“ – ამ სიტყვებით ახასიათებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს მაია ცირამუა, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა თავად ის ფორმაც, რა ფორმითაც ქალმა ბიჭის დახმარება გადაწყვიტა:

„ეს იყო საკუთარი ძალაუფლების, დომინანტობის დემონსტრირება და სიბრალულის განცდის გამოწვევა, რომელიც ძალიან მტკივნეულია იმ ადამიანებისთვის, ვისკენაც ეს სიბრალულია მიმართული. მიხარია, რომ ამ ვიდეოს მოჰყვა ასეთი რეაქცია, როდესაც ადამიანებს არ მოეწონათ და ტაში არ დაუკრეს მსგავს საქციელს. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ქალი გადაიქცეს აგრესიის სამიზნედ, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი თხოვნა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, რომ სიკეთეს არ მივცეთ ხოლმე ამგვარი სახე. შესაძლოა, იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, შეიძლება, ეს გულწრფელი საქციელია ჩვენგან, მაგრამ ამის შემდგომი ნაბიჯებია ხოლმე დასაფიქრებელი“, – ამბობს ფსიქოლოგი და კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

„საფრთხე, როდესაც ბავშვს აძლევ თანხას და არ იცი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხომ შეიძლებოდა ეს თანხა ვინმეს გამოეძალა ბავშვისთვის? ან რა იცოდა, რაში და რისთვის დახარჯავდა ბავშვი თანხას?“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – მიზანშეწონილია, ყველა პირმა წაშალოს ვიდეოჩანაწერი

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, 29 ნოემბერს, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც მოუწოდებს ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელ ყველა პირს წაშალონ არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეო.

„ბავშვების მონაცემების დამუშავების პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომლებიც ბავშვების მონაცემებს აგროვებენ, იყენებენ, ინახავენ და ასაჯაროებენ“, – წერია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიიჩნევს, რომ ვიდეოჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით, ჩანაწერის სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არასრულწლოვნის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია ან ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share