სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შექმნის შემდეგ, პირველად წარადგინა საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტში. სტატიაში ვარკვევთ, რა (არ)გამოიძიეს? რა დანაშაულებში (ვერ)ამხილეს სამართალდამცველები და რამდენად ახერხებს ეს უწყება დაიცვას მოქალაქეები პოლიციელების არასათანადო მოპყრობისგან.
რატომ ვამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიებაზე?
იმიტომ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწორედ, ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა იმ სახელმწიფო მოხელეების მხილებაა, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქეების უფლებებს არღვევენ. მაგალითად, ძალადობენ დაკავების დროს, ზეწოლით აწერინებენ ჩვენებას, ამეტებენ უფლებამოსილებას, აწამებენ, ემუქრებიან, დამამცირებლად და არაადამიანურად ეპყრობიან.
ასეთი სახელმწიფო მოხელეები შეიძლება მუშაობდნენ შს სამინისტროში, პროკურატურაში, სუსში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ანუ ამ სიაში ხვდება ყველა, ვისაც ან დაკავების ან გამოძიების წარმოების უფლება აქვს, ან უფლებამოსილებას ისეთ გარემოში ახორციელებს, სადაც მოქალაქის კონტროლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფოს აქვს აღებული.
ეს არ ნიშნავს, რომ უწყება მხოლოდ სამოხელეო დანაშაულს იძიებს. მას ასევე ევალება ჟურნალისტებზე ძალადობისა და ხელის შეშლის ფაქტების გამოძიებაც. გარდა ამისა, უწყება პასუხისმგებელია ისეთ საქმეებზეც, რომლებიც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასა ან დისკრიმინაციას იძიებს.
რა გამოიძია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022-ში?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიში 2022 წლის პირველი მარტიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. კანონის მიხედვით, 10 თვის შეჯამება პარლამენტს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოესმინა. თუმცა განხილვა წლის მიწურულს, 27 ნოემბერს გაიმართა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2514-ჯერ მიმართეს. საჩივრების დიდი უმრავლესობა 2017 მათგანი, სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. დანარჩენი ამ უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა დანაშაულებს. გამოძიება მხოლოდ 420 შემთხვევაში დაიწყო, სისხლისსამართლებრივი დევნა 62 ადამიანზე გამოცხადდა. აქედან მხოლოდ 25-ია სამართალდამცავი.
სისხლისსამართლებრივი დევნა, ყველაზე ბევრჯერ, 30-ჯერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების გამო დაიწყო. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის 7 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში.
25 სამართალდამცველიდან მხოლოდ 7-ია ისეთი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას არასათანადო მოპყრობაში ამხილეს.
მათგან 4 პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია, 3 – შინაგან საქმეთა სამინისტროსი. კერძოდ, კრიმინალური პოლიციიის დეტექტივ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი. სამივე მათგანს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით გადამეტება ედებოდა. 7-დან 2-ს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 5-ს გირაო შეეხო.
17 სამართალდამცველი ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებშია მხილებული, 14 მათგანი ოჯახური ძალადობის მუხლით გაასამართლეს. ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის დროს, სამართალდამცველი არღვევს კანონს, თუმცა იმ მომენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებს.
რა ბედი ეწიათ სხვა საქმეებს, რომელთა გამოძიებაც უწყებამ 2022 წელს დაიწყო, ანგარიშიდან არ ჩანს, მხოლოდ ის ირკვევა, რომ 51 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა, მიზეზად სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა დასახელდა.
კითხვებზე პასუხის მისაღებად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ. გვიპასუხეს, რომ ეს საკითხები ვრცელი და კომპლექსურია, ამიტომ უწყების ხელმძღვანელმა უნდა უპასუხოს. სტატიის გამოქვეყნებამდე კოკა კაციტაძესთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა.
“აქ მნიშვნელოვანია, ჯამში, რამდენი საქმე ეხებოდა პოლიციელების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს თანამდებობებიც, თუ რომელი რანგის სამართალდამცველების მიმართ დაიწყო დევნა და რომელთა მიმართ არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. აქვე უნდა დაზუსტდეს, ეხებოდა თუ არა ეს საქმეები სწორედაც რომ უფლებამოსილების გადამეტებას”, – ამბობს იურისტი ჯემალ ჭკადუა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. ის ფიქრობს, რომ საგამოძიებო სამსახურს უფრო დეტალური ანალიზი უნდა გამოექვეყნებინა.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს, უწყებას არაეფექტიანობისთვის აკრიტიკებს:
“ამ სამსახურმა სტატუსი დაკარგა. შექმნის მიზანი სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება იყო. ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ გვაქვს, პირიქით უკუსვლაა. სამოხელეო დანაშაულის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამას ემატება ის, რომ უწყების ხელმძღვანელი დამოუკიდებელი არ არის, მას არ აქვს გარანტიები ისევე, როგორც მე არ მქონდა, რომ ხვალ და ზეგ არ მომხსნიან”.
როგორ ჩამოყალიბდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მანდატით აღჭურვილი უწყება პირველად 2019 წელს შეიქმნა. მას სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური უწოდეს. პარლამენტმა ხელმძღვანელად ლონდა თოლორაია დაამტკიცა. მან კარიერა პროკურატურიდან დაიწყო. გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ჩააბარეს. უწყება იძიებდა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის და მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, არამედ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებასაც.
2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
თუკი კანონი ერთი ადამიანის გამო იცვლება
სტრუქტურული დამოუკიდებლობის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაფართოვდა. მთავარი მიმართულება ისევ სამოხელეო დანაშაულების გამოძიებაა, ამას გარდა, უწყება ისეთ საქმეებსაც იძიებს, სადაც სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველია, თუმცა დანაშაული ყოფით ნიადაგზეა ჩადენილი. მაგალითად, თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობაში დასდეს ბრალი, ეს საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
2022 წლის პირველი მარტიდან ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ უწყების ვალდებულება გახდა რეაგირება ისეთ საქმეებზე, რომელიც პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს ან დისკრიმინაციულია. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულება გახდა.
რატომ აკრიტიკებდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას?
კითხვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დრომ, ფორმამ და სისწრაფემ გააჩინა. კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო.
კანონპროექტის ინიციირებისას ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მან მედიიდან შეიტყო. ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა.
უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ეჭვობდნენ, რომ კანონი თოლორაიას დასასჯელად შეიცვალა. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ლონდა თოლორაია უწყების ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელ საქმიანობას უკავშირებდა.
საგამოძიებო ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ლუკა სირაძის საქმე იყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ხმაურიან და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს შორისაა ლექსო ლაშქარავას ჩანაწერების გავრცელება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესახებ დასკვნები. ორივე შემთხვევაში ინსპექტორმა დაადგინა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა სტანდარტი დაარღვიეს.
პროცესი საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკრიტიკეს. გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნაც, სადაც ეწერა, რომ პროცესი ნაჩქარევად წარიმართა. ხელისუფლება ამ ნაბიჯის გამო საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გააკრიტიკა. ლონდა თოლორაიამ კანონის შეჩერება საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა, იქამდე, სანამ საკონსტიტუციოში განხილვა დასრულდებოდა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ინსპექტორის სამსახური მაინც გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა მიმართვიდან ერთ წელიწადში დაასრულა და ის ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსარჩელე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და პირობაზე დავობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება ტოლფასი თანამდებობის ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციურ სტანდარტებს. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაში კი სამართლებრივი პრობლემა ვერ დაინახა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად – ლელა ჯანაშვილი.
მოკლედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესახებ
კოკა კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. კაციტაძე სპიკერ-პროკურორიც იყო.
ენდობიან დაზარალებულები უწყებას?
მოქალაქეების განწყობაზე გავლენას საქმის შინაარსი, რეზონანსულობა, გამოძიების მიმდინარეობა და დამდგარი შედეგები ახდენს. საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში ჟურნალისტებზე თავდასხმის ორი საქმე გახსნა, ერთ-ერთი სოფელ ხაიშში ხე-ტყის უკანონო ჭრის თემაზე მუშაობისას “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ამოიღო 300-ზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი და დანაშაულში 14 პირი ამხილა.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალს, რომლის პირადი ცხოვრების უფლებაც დაარღვიეს. საქმე უწყებამ ნოემბრის თვეში, მიმართვიდან რამდენიმე დღეში გახსნა. ამ გამოცდილების შემდეგ მისთვის საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი და სანდო უწყებაა.
იმავეს ვერ ვიტყვით კახელ ბიზნესმენ ლევან ბიძინაშვილზე. მის დაკავებაზე ჟურნალისტური გამოძიება რადიო თავისუფლებამ მოამზადა. ეს საქმე საუკეთესო ილუსტრაციაა, როგორ შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში, თუ მის წინააღმდეგ პოლიციელები იდენტურ, თუნდაც აბსურდულ ჩვენებებს მისცემენ.
კახელი ბიზნესმენის საქმე
კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი დაკავების დღიდან ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სიღნაღის პოლიციის განყოფილებაში მასზე პოლიციელების ძალადობასაც აღწერდა. ბიძინაშვილი გასული წლის აგვისტოში გაამართლეს. კანონდამრღვევი პოლიციელების მხილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხისმგებლობაა.
აბსურდული მტკიცებულებები კახელი ბიზნესმენის დაპატიმრების საქმეში
გამოძიების თხოვნით ბიძინაშვილმა დაკავებისთანავე, 2021 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა. ამ უწყებას ევალებოდა პოლიციელების შესაძლო დანაშაულის გამოძიება, თუმცა ეს სამსახური რამდენიმე თვეში გაუქმდა და წარმოებაში არსებული ყველა საქმე ახალ უწყებას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლებას 2022 წლის აგვისტოში მისწერა, რომ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 8 თვის წინ დაიწყო და დღემდე “მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოძიება”.
ამ შეტყობინებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ლევან ბიძინაშვილის ოჯახში გვითხრეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათთვის არავის უცნობებია, არც საქმის დახურვაზე მიუღიათ ოფიციალური ცნობა.
სასამართლოს მიერ გამართლებული კახელი ბიზნესმენი მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს
საქმის მიმდინარეობაზე საჯარო ინფორმაცია უწყებიდან 2023 წლის ნოემბერში გამოვითხოვეთ. ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კანონის მიხედვით, ამისთვის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე აქვთ. 6 უკვე გავიდა. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება სტატიაში.
16 წლის ლექსოს საქმე
უმოქმედობა მიიღო პასუხად 16 წლის არასრულწლოვანმაც პირობითი სახელით – ლექსო. ეს საქმეც რადიო თავისუფლების საგამოძიებო არქივში ინახება. ბიჭი თანატოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, შემთხვევა 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში მოხდა, როცა 20-მდე მოზარდი სკოლის შემდეგ “საქმის გასარჩევად” შეიკრიბა. 2022 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოკვლეული და აღწერილი იყო ის დარღვევები, რაც ამ საქმის გამოძიებას ახლდა თან. მათ შორის: გამომძიებლების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლა, პოლიციელების მხრიდან ცრუ ჩვენებების მიცემის იძულება და ფაქტების გაყალბება. ამავე გამოძიებაში აღწერილი იყო, როგორ გაქრა 112-ის სერვერიდან ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიციელების კანონდარღვევებს დაადასტურებდა.
მოსამართლემ რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება საქმეს დაურთო, როგორც ახალი მტკიცებულება. 15 თებერვალს განაჩენი გამოაცხადა და არასრულწლოვანი გაამართლა.
უდანაშაულოა – როგორ შეცვალა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ბრალდებული მოზარდის ბედი
12 წლით ციხეში – როგორ იყენებს პროკურატურა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს მეათეკლასელის წინააღმდეგ
მოზარდი თავისუფალია, თუმცა აგებენ პასუხს ის პოლიციელები, რომლებმაც არასრულწლოვანზე ზეწოლა მოახდინეს? – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2022 წლის ივლისში მიმართა არასრულწლოვნის დედამ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს.
რადიო თავისუფლებამ ამ საქმის მიმდინარეობის შესახებაც გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. განცხადების მიღება დაგვიდასტურეს, თუმცა პასუხი ჯერ არ გამოუგზავნიათ.
საქმის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, დამნაშავეების მხილების შემთხვევაში აუცილებლად აცნობებდნენ, არასრულწლოვანი კი დაზარალებულის სტატუსს მიიღებდა.
“საგამოძიებო სამსახური ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეფექტიანი არ აღმოჩნდა”, – ასკვნის ის და გამოძიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ვიდეოკამერების ჩანაწერებს ასახელებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, წაშლილი ან მიზანმიმართულად განადგურებულია. ამ საქმეზე ადვოკატს გასულ წელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 112-ში არასრულწლოვანზე ძალადობის ადგილის ვიდეოჩანაწერები არ არსებობდა.
სად ქრება ვიდეოჩანაწერები?
“კამერები ვერ ამოვიღეთ”, – ეს ფრაზა ტელეკომპანია “ფორმულის” თანადამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემაც ბევრჯერ მოისმინა. მშვილდაძეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე 2023 წლის ივლისში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ საქმეზე შსს-მ ძალადობის მუხლით ერთი პირი დააკავა. ამის შემდეგ საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაიბარა.
მიშა მშვილდაძე ამტკიცებს, რომ ეს თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული ანგარიშსწორება იყო. მიზეზი ხელისუფლებისადმი მისი დამოკიდებულება და საქმიანობაა. ტელევიზიამ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა. მათი დამუშავების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, რომ ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუსის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე იყო. ტელეკომპანია “ფორმულის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ჩანაწერების დახმარებით რამდენიმე მანქანის საეჭვო კოორდინირებულ ქცევასა და ამ თავდასხმის სხვა სავარაუდო ფიგურანტებზე გამოთქვეს ეჭვი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 11 სექტემბერს, შედეგის დადგომის გარეშე დახურა.
“112-ის კამერის ჩანაწერები ვერ მოიპოვეს, არ ჰქონდათო – ასე მითხრეს. არ ამოიღეს ტელეფონის ანძების ჩანაწერები, არ ამოიღეს იმ კამერის ჩანაწერი, რომლითაც საეჭვო მანქანების იდენტიფიცირება მოხდებოდა, არ ჩაეძიენ და არ გააგრძელეს გარკვევა, იტყუებოდა თუ არა სუსის თანამშრომელი, როცა ამბობდა, რომ ჩემზე თავდასხმის ადგილას სხვა საიდუმლო ოპერაციას ატარებდა”, – უთხრა მიშა მშვილდაძემ რადიო თავისუფლებას.
გამოძიების მიმდინარეობისას ვიდეოჩანაწერებზე სწრაფი და სრულყოფილი წვდომა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ერთ-ერთი დაბრკოლებაა. ამის შესახებ უწყება ანგარიშშიც წერს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავს.
საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერის შენახვის ვადა 30 დღეა, პოლიციის შენობებში ჩანაწერების – 14. პრაქტიკამ აჩვენა, რომ უწყებები საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნას სწრაფად არ ამუშავებენ. ჩანაწერები ავტომატურად იშლება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვიდეოჩანაწერებს 112-დანაც ითხოვს. ყველაზე მეტი განჩინება სწორედ შსს-ს ამ უწყებაშია შესული.
“განჩინების გადაგზავნის შემდგომ, “112’” დაგვიანებით აწვდის სამსახურს ვიდეო ჩანაწერებს. შესაბამისად, ისეთი ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რომელთა საჭიროება ჩნდება “112”-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისა და ანალიზის შედეგად, ხშირად დაგვიანებულია ან/და შეუძლებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.
დაკავებული პირების მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა დროებითი მოთავსების იზოლატორში და პატიმრობის დროს სასჯელაღსრულების სისტემის პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება. ამის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში მაინც არ არსებობს დაკავების პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
“ეს ზრდის, ერთი მხრივ, უფლებამოსილების გადამეტების შანსებს და რისკს, რომ სამართალდამცავსაც უსაფუძვლოდ დასწამებენ ბრალს”, – ნათქვამია ანგარიშში.
2022 წელს უწყებისთვის გადაცემული ჩანაწერებიდან მხოლოდ 25 პროცენტი ფარავდა სრულად დანაშაულის სავარაუდო ადგილს. ამავე წლის საჩივრების მიხედვით, პოლიციელები ყველაზე ხშირად შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში ძალადობენ, შემდეგ ქუჩასა და ავტომანქანაში.
ჩანაწერების არარსებობა 7-8 მარტის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების იდენტიფიცირებასა და გამოვლენასაც ხელს უშლის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ არ დამალა, რომ ეს საქმე “რთული და კომპლექსურია”, შესაბამისად, მისი გამოძიება უწყებისთვის “გამოწვევად” იქცა. რას გულისხმობს კოკა კაციტაძე? – ამის ახსნა მან 2023 წლის ანგარიშში დააანონსა, რომელიც მომდევნო წელს უნდა გამოქვეყნდეს.
რადიო თავისუფლება