კაბუ: ახალციხეში კონცერტი დაგეგმილი არ მაქვს

მომღერალი და მსახიობი კაბუ (კახა აბუაშვილი) ამბობს, რომ ხვალ, 27 დეკემბერს საახალწლო კონცერტზე გამოსვლას არ აპირებს. როგორც მანდ ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, ახალციხეში კონცერტი დაგეგმილი არ აქვს.

“მერი რას ამბობს მე არ ვიცი, მე ვამბობ, რომ არ მაქვს ხვალ ახალციხეში დაგეგმილი კონცერტი. […] არაფერი არ გადამიფიქრებია, არ მქონია მე ახალციხეში კონცერტი”, – ამბობს მომღერალი.

21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული მომღერალი კაბუ ახალციხის საახალწლო ღონისძიებაში მიიღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქის მერიის ფეისბუქზე ამ დრომდე განთავსებულია.

კახა აბუაშვილს ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წარდგენილი.

გამოძიების თანახმად,  25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ამის შედეგად ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

გარდა ამისა, კაბუ დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს.

კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

27 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. კაბუმ საპატიმრო 29 ნოემბერს დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share