2023 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების 49,5 პროცენტი საიდუმლო იყო. ეს „მედიაზონამ“ გამოთვალა სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლის საფუძველზე. ამგვარად, ყოველი მეორე ბრძანებულება, რომელსაც პუტინმა მოაწერა ხელი 2023 წელს, გასაიდუმლოებული იყო. ეს ისტორიული რეკორდია.
საიდუმლო ბრძანებულებების წინა რეკორდი პუტინმა დაამყარა 2001 წელს, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი მიმდინარეობდა. მაშინ გასაიდუმლოებული იყო ბრძანებულებების 47 პროცენტი. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელს, საიდუმლო ბრძანებულებების წილი 45 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, ხელმოწერილი ბრძანებულებების საერთო რაოდენობა ომის მეორე წელს არ შეცვლილა: 2022 წლის უკანასკნელი გამოქვეყნებული ბრძანებულების ნომერია 996, 2023 წლისა კი 997.
როგორც „მედიაზონა“ აღნიშნავს, საიდუმლო ბრძანებულებები, სხვათა შორის, გამოიყენება სამხედროთა დაჯილდოებისთვის და მოიერიშე რაზმებში საბრძოლველად აყვანილი მსჯავრდადებულების შეწყალებისთვის. 2022 და 2023 წლებში შეწყალებულ იქნა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებმაც მკვლელობები ჩაიდინეს, ყველა მათგანი უკრაინაში იბრძოდა და შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
2023 წელს გამოქვეყნებულ პუტინის ბრძანებულებებში საგრძნობლად გაიზარდა იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც ეხებოდა სამხედრო ქვედანაყოფებისთვის (ხომალდებისთვის) „გვარდიის“ საპატიო წოდების მინიჭებას. რისთვის ხდება მათი მინიჭება, უცნობია: დოკუმენტებში მხოლოდ სტანდარტული ფორმულირება წერია: „მასობრივი გმირობისა და გამბედაობისთვის, სიმტკიცისა და სიმამაცისთვის“.