რუსეთში სასულიერო პირს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მსახურება აუკრძალეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დეკანოზი ალექსეი უმინსკი მოსკოვის ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენეს.
ტელეკომპანია Rain წერს, რომ უმინსკი გადააყენეს თანამდებობიდან ინტერვიუს გამო, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
მოსკოვის ეპარქიამ ინფორმაცია არ დაადასტურა.
Rain-ის ინფორმაციით, ტაძრის წინამძღვრად დააყენეს დეკანოზი ანდერი ტკაჩევი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარი დაუჭირა.
ალექსეი უმინსკი ხოხლის მაცოცხლებელი სამების ეკლესიის წინამძღვარი 1993 წლიდან იყო.
2022 წლის თებერვალში უმინსკიმ თქვა, რომ მას აქვს “ცალსახა” დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ: “მე არ შემიძლია ამ სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა. ვლოცულობ მშვიდობისთვის, ვლოცულობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაშავდეს”.