„დადეგი“ – დავიწყებული ძველი „ძველით ახალი წელი“ გურიაში

გურიაში იულიუსის კალენდარის მოქმედების პერიოდშიც (1918 წლამდე) კი გურიაში ორჯერ აღნიშნავდნენ ახალ წელს, კერძოდ 1 ენკენისთვეს (სექტემბერი) აღინიშნებოდა წარმართული ახალი წელი „დადეგი“, ხოლო 1 იანვარს „კალანდა“. ძველი ანუ წარმართული კალნედრით ახალი წელი საქართველოში ენკენისთვეში იწყებოდა.
.
„პირველი ენკენისთვე როგორც მოგეხსენებათ, გურულებისათვის განსაკუთრებითი მნიშვნელობის დღეა: ამ დღეს ისინი დადეგს ეძახიან იმ მოსაზრებით, რომ ძველათ ამ დღიდამ იწყებოდა ახალი წელიწადი.“ (იოსებ თაყაიშვილი 1877).
.
დადეგის აღნიშვნა ღამით თოფების სროლითა და ყიჟინით („გარდაძახება“) აღინიშნებოდა, დადეგის წინა დღეს „შეფუცების“ ღამეს ეძახდნენ, რის შესახებაც ინფორმაცია ჩემი ბავშვობიდანაც მაქვს და „შეფუცვა საღამოს“ ხდებოდა ოჯახის წევრების ე.წ. „შებეჭდვა“, რაც წამოადგენდა თავზე ოთხი მხრიდან ცვილის სანთლებიდან გაკეთებული ჯვარის მიკვრა, იგივეს აკეთებდნენ სახლზე, ასევე შებეჭდავდნენ პირუტყვს და ყველა აუცილებელ და საჭირო ნივთს.
.
„შეფუცება საღამოს“ ოჯახის უფროსი გამოდიოდ სახლიდან და გამოჰქონდა თუ რამ სასროლი იარაღი ჰქონდა დადგებოდა ეზოს ან ყანის შუაში და ლოცვას წარმოთვამდა:
„მიღმართელნო, მოღმართელნო
შორებელნო, ახლობელნო!
თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ
ჩემსას ჯვარი დამიწერეთ!
ჯვარი აქა! ჯვარი აქა!
და თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას ამას „გადაძახებას“ (ასევე „გარდაძახება“) ეძახიან.“ (ი.თ.) დაკივლება შემდეგი სისტყვებით იყო – „უუუუ! კუდიანებო!“ (ტარასი მამალაძე 1893)
.
„შეფუცვა საღამოს“ არავინ იძინებდა და ყველა ფხიზლობდა, რადგანაც ეს ღამე ყოველივე ავსულის თარეშის დღეც იყო და თოფების ბათქა-ბუთქი და ყიჟინაც სწორედ მათ დასაფრთხობად ეწყობოდა. გურულების რწმენით ტურაზე, მგელზე ან ტახზე ამხედრებულ ავსულსა და მაცდურ „ზაკვავებს“ მათი უფროსი „რიკაპის“ მეთაურობით დიდი ზიანის მოტანა შეეძლოთ და ამ დღეს თუ დააფრთხობდნენ მთელ წელს სადადებელი არ გამოელეოდათ. ტარასი მამალაძის მიხედვით ზაკვავებს ამ დღეს ძღვნად მიჰქონდათ როკაპისათვის ცხოველის ან ადამიანის მოტაცებული გული.
.
“ამ დღეს ყველანაირი საქმიანობა იკრძალება, მხოლოდ შეიძლება ხის მოჭრა, რაგანაც თვლიან, რომ ამ დღეს მოჭრილი ხე მტკიცეა.” აქვე “გურულების წარმოდგენით, ამ დღეს ღმერთი ანგელოზებთან ერთად ადგენს იმ ადამიანთა სიას, ვინც იმ წელს უნდა მოკვდეს.” (ტ.მ.)
.
იოსებ თაყაიშვილი აღწერს 1877 წლის დადეგს ოზურგეთში, ამ წელს ოზურგეთი სავსე იყო რუსული ჯარით რუსეთ თურქეთის ომის გამო, თაყაიშვილის თქმით „შეფუცვა საღამოს“ ოზურგეთში ისეთი ყიჟინა და თოფების სროლა ამტყდარა, რომ მოულოდნელობისაგან დაბნეულ რუსებს „ტრევოგაც“ გამოუცხადებიათ.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share