თურმე, დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ, დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა – მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მსახიობი, ზურა ბერიკაშვილი უკვე ერთი კვირაა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი კომაშია და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის მსახიობი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

„წამოვიდა თირკმლის ფუნქცია, გული ნორმაშია, ფილტვების ორმხრივი უმძიმესი ანთება ჰქონდა და ჩაქრა, ღვიძლი და სხვა ორგანოები, რაღაცნაირად, მოწესრიგდა. ნახევრად ხელოვნურ სუნთქვაზეა და აქვს ბუნებრივი კომა.

ახლა ვესაუბრებით ბერლინის ცნობილ, მრავალ პროფილურ “შარიტეს” კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების მედიკოსებს. დღეს თუ ხვალ, ჩვენი და იქაური ექიმების კონსილიუმი (ზუმის პლათფორმაზე) შედგება. მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება“, – ამბობს ზურას და, მანანა ბერიკაშვილი „პრაიმტაიმთან“.

მისი თქმით, ზურას დიაგნოზი გულის უკანა კედლის ინფარქტია.

„დიაგნოზია გულის უკანა კედლის ინფარქტი. ახლა გავიგეთ, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულებს, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მას რომ ტკივილი ეგრძნო, წავიყვანდით და ჩაიდგამდა სტენტს და არ გამწვავდებოდა მდგომარეობა.

დილით სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული.

ბედია, ალბათ, ზუსტად შვიდ წუთში მოვიდა სასწრაფო და ფაქტობრივად, ზურიკოს სიცოცხლე გვაჩუქეს. ელექტრო შოკით მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარია, საოცარი ექიმი. აქამდე ასე, კუს ნაბიჯებით მოგვიყვანა. და მიდის უკეთესობისკენ. რეანიმაციული თვალსაზრისით, გაუკეთდა მაქსიმუმის მაქსიმუმი და შედეგიც არის. უბრალოდ, ახლა ჩვენი საშიშროება თავის ტვინია.

დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, შეუძლებელი გააკეთეს. ერი და ბერი ერთად დგას ზურასთვის ფეხზე“, – ამბობს მანანა ბერიკაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share