ორი 12-სართულიანი კომპლექსი – რისი აშენება იგეგმება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე?

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის საპროექტო არეალი შედგება ერთი მიწის ნაკვეთისგან – ფართობით 19 205 კვ.მ.

„საპროექტო არეალი ქალაქმშენებლობითი დამტკიცებული გეგმის მიხედვით განთავსებულია ურეკი-შეკვეთილის საკურორტო და სარეკრეაციო გამწვანებულ ტერიტორიის საზღვრებში. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს როგორც ძველი, ასევე ახალი მშენებლობები და მის გარშემო ტერიტორიებიც განაშენიანებულია, ასევე თითქმის ყველგან ვრცელდება საკურორტო ზონა 2 და საკურორტო ზონა 1. ვინაიდან პროექტით არ ხდება ფუნქციური ზონის ცვლილება, მიგვაჩნია მომავალში დარჩეს უცვლელად ტერიტორიის საკურორტო ზონა 2.

საპროექტო ტერიტორიაზე ვხვდებით დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავებს. ნარგავების სიმრავლიდან გამომდინარე პროექტის მიზანია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა წიწვოვანი ხე და ავითვისოთ კ-1 კოეფიციენტის მინიმალური რაოდენობა, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ ბუნებრივად არსებული ლანდშაფტური გარემო,“- ნათქვამია გეგმაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმრო და სასტუმრო ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი თორმეტსართულიანი ბლოკისგან.

412771914-358705313527300-184578305843705767-n-1704446118.jpg

„ბლოკები ფუნქციურ-გეგმარებითი თვალსაზრისით, გაერთიანებულია მიწისქვეშა პარკინგით, რომლის საშუალებითაც მარტივად ხდება პარკირება და გადაადგილება ბლოკებს შორის.

კომპლექსის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია აუზი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე თავისი საფეხმავლო ბილიკებით, ველოგზებით და საბავშვო გასართობი ობიექტებით.

ბლოკი A ფუნქციურად წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს. პირველ სართულზე დაგეგმილია კაფე-რესტორნების და სპა ცენტრის (აუზი გასახდელებით, საუნითა და სპორტული დარბაზით) მოწყობა. მეორე სართულის დაგეგმარება გულისხმობს სასტუმროს ნომრების მოწყობას (სულ 50 ნომერი), ხოლო დანარჩენი ათი სართულის გეგმა ითვალისწინებს მრავალბინიან საცხოვრებელ აპარტამენტებს (სულ 233 აპარტამენტი).

407277183-1713262279151181-4126054605717166550-n-1704446138.jpg

ბლოკი B ფუნქციურად წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, სადაც განთავსებულია ინდივიდუალური აპარტამენტები (სულ 283 აპარტამენტი). პირველ სართულზე დაგეგმილია კაფე-რესტორნების და მაღაზიების მოწყობა. ბლოკებს აქვს ბრტყელი გადახურვა და ყოველ სართულზე მოწყობილია ვერტიკალური გამწვანება. სახურავებზე მოხვედრა კიბით არის შესაძლებელი.

საპროექტო ტერიტორიის განვითარების მთავარი ამოცანაა, როგოც ახალი ტურისტული ცენტრის განვითარება, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის ახალი და საინტერესო დასვენების შესაძლებლობების შექმნა,“- აღნიშნულია გეგმაში.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share