ცენტრში აცხადებენ, რომ დღევანდელი გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. ამასთან, SJC-ში აღნიშნავენ, რომ გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და შედუღებული სახლის კარი ამ გზით გახსნეს. ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული აქტივისტების ნაწილს.
SJC-ში ხაზს უსვამენ, რომ გამოსახლებას თან ახლდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და აქტივისტების დაკავება. განცხადების თანახმად, ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილია 20 აქტივისტი. 12 ადამიანის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია.
“აღსანიშნავია, რომ გამოსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასაც, არსებული ინფორმაციით, „მაუწყებლის“ ჟურნალისტი სამართალდამცავებმა მის საკუთრებაში არსებული მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. დააკავეს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც.
უახლოეს პერიოდში ჩვენ დაკავებულების და მათ საქმეზე მიმდინარე პროცესების დეტალურ შეფასებას გამოვაქვეყნებთ. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დემონსტრაციულად რეპრესიული და აგრესიული მანერა, ერთის მხრივ, მევახშეობის წინააღმდეგ ამ ოჯახის, ადგილობრივი სამეზობლოსა და აქტივისტური ჯგუფების ბრძოლის დასუსტებას, მეორეს მხრივ კი, სხვა ადგილებში დაგეგმილი იძულებითი გამოსახლებების პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ SJC-ში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ იძულებითი გამოსახლება ზამთარში, ოჯახისთვის ჯეროვანი საცხოვრებელი ალტერნატივების შეთავაზების გარეშე, არღვევს მთელ რიგ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, პირველ რიგში, სათანადო საცხოვრისზე უფლებას.
“სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა დააზღვიოს იძულებითი გამოსახლების მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგები. ეს გულისხმობს ერთის მხრივ, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობისა და გამოსახლების პროცედურების იმგვარ რეგულირებას, რომელიც ასიმეტრიულ ეკონომიკურ ურთიერთობებში დაიცავს ადამიანებს თვითნებობისა და ჩაგვრისგან, მეორეს მხრივ კი შექმნის საცხოვრისის იმგვარ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარობის წინაშე მდგარი ადამიანებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის გარანტიას. ამის ნაცვლად, საქართველოში ვხედავთ მდგომარეობას, როდესაც კაბალური სასესხო ხელშეკრულებების გზით, ადამიანები კარგავენ უძრავ ქონებას და ხშირად უკანასკნელ საცხოვრებელსაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას:
- გამოავლინოს პოლიტიკური ნება და დაუყოევნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან;
- დააწესოს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრიდან გამოსახლების პრაქტიკაზე და მორატორიუმის პერიოდი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმგვარი სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რაც საცხოვრისის უფლებას დაიცავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- გაათავისუფლოს შეკრების ადგილზე, სავარაუდოდ, თვითნებურად დაკავებული პროტესტანტები და დაიწყოს გამოძიება პოლიციის და აღსრულების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტებზე.
დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.
პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, “მევახშესთან” დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.