ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დამცველის კონსილიუმი კლინიკა “ვივა-მედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. რამდენიმესაათიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე აქვს ზოგადი სისუსტე, ტკივილები და დეპრესიული განწყობა.
“ბატონი მიხეილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ნევროლოგიური იგივე რჩება. ეს ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა, 77 კილოა უკვე. ეს მნიშნელოვანია, რომ მის სასიცოცხლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება. რაშიც დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, კლინიკა “ვივა მედის” თანამშრომლებმა, მის ასე დასტაბილურებაში, მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, დაახლოებით იგივე რჩება, როგორიც იყო. როგორც ჩანს, დაზიანება, რომელიც თავიდანვე იყო საკმაოდ მძლავრი და ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე, მას კვლავ აღენიშნება შფოთვაც, ფორიაქიც, დეპრესიული განწყობაც და ეს მდგომარეობა გრძელდება. არასტაბილურად მიგვაჩნია ისევ და ისევ პაციენტი – მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზისტენტულია ამ მკურნალობის მიმართ.. ჩივილები ისევ აქვს უძილობა, შფოთვა, დაქვეითებული განწყობა, ტკივილებიც სახსრებში, რომელიც მონაცვლეობს. მხრის ტკივილებს ახლა არ აღნიშნავდა, ზოგადი სისუსტე”, – ამბობს წულაძე.