“ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ვისურვებდი, რადგან არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და არც გვექნება ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ჩვენ არანაირ დათმობაზე რუსეთთან არ წავალთ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ახლა ერთმა კერძო პირმა გამოხატა რაღაც სურვილი. ამის უფლება ყველას აქვს, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და შეიძლება მოიპატიჟოს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც სხვა ჩვენი გუნდის ლიდერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე რუსეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ ცეცხლაძემ Dalma News-თან ისაუბრა.